ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ევროპის სახელმწიფოები პუტინის აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებას „მტკიცე პასუხს“ გასცემენ

ევროპის სახელმწიფოები გმობენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და სოლიდარობა გამოუცხადა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა „კობრას“ საგანგებო სხდომა მოიწვია, მანამდე კი განაცხადა, რომ ბრიტანეთი „მტკიცე პასუხს“ გასცემს პუტინის ქმედებებს.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ თქვა, რომ ქმედება „უსამართლო და გაუმართლებელია“. „ჩვენ ვმუშაობთ ევროპელ და ნატოელ მოკავშირეებთან, რათა დაუყოვნებლივ გავცეთ პასუხი ერთიანობით და თანმიმდებრულად“.

პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა პიოტრ მულერმა კი აღნიშნა, რომ „დროა გავაძლიეროთ ნატოს აღმოსავლეთი ფლანგი“ და დაამატა: „ჩვენ მოველით, რომ ამგვარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“.

ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვან დერ ლეინემა ბრიუსელში დაგმო ვლადიმერ პუტინის ქმედებები და აღნიშნა, რომ იგი „ევროპაში ომს აბრუნებს“.  მისი განცხადებით, რუსეთის ეკონომიკური საფუძვლების და მისი „მოდერნიზაციის შესაძლებლობების“ შესუსტების მიზნით, „მასიური“ სანქციების პაკეტი მოგვიანებით იქნება შემოთავაზებული.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია: „დღეს, 24 თებერვალს, 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს ჩვენი ობიექტების აღმოსავლეთში, ასევე წამოიწყეს სარაკეტო დარტყმები ბორისპოლის, ოზერნომუს, კულბაკინომუს, ჩუგუევის, კრამატორსკის და სხვა აეროპორტებზე. ამავე დროს, აგრესორმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლების საარტილერიო დაბომბვა დაიწყო . უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ტანკერის საჰაერო თავდასხმას პასუხობენ. სახელმწიფოს თავდაცვის ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და ინარჩუნებენ თავდაცვით პოზიციებს. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ოდესაში რუსული ჯარების მედესანტეების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

„უკრაინის ძვირფასო მოქალაქეებო, დღეს ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ. რუსეთმა განახორციელა დარტყმები ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ქმედებებს უკრაინაში უწოდა „უსამართლო თავდასხმა რუსული ძალების მიერ“ და აღნიშნა, რომ „მთელი მსოფლიოს მლოცველები ახლა უკრაინელ ხალხთანაა“.

„პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარ განზრახული ომი, რომელიც მოიტანს სიცოცხლის კატასტროფულ დანაკარგს და ადამიანთა ტანჯვას.მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და ნგრევაზე, რასაც ეს თავდასხმა მოიტანს და შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და პარტნიორები უპასუხებენ ერთიანი და გადამწყვეტი გზით. მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს“, – აღნიშნა ბაიდენმა და დაამატა, რომ ის ხუთშაბათს მიმართავს ამერიკელებს იმის შესახებ თუ რა შედეგები ექნება ამ ქმედებებს რუსეთისთვის. მან აღნიშნა, რომ იგი მდგომარეობის მონიტორინგს თეთრი სახლიდან გააკეთებს და ხუთშაბათ დილით [ვაშინგტონის დროით] დიდი შვიდეულის ლიდერებს შეხვდება, სანამ გამოაცხადებს რუსეთის „შემდგომი შედეგების“ შესახებ. ბაიდენმა თქვა, რომ „მძლავრი, ერთიანი პასუხი“ იქნება ნატოსგან, რომელიც თავისი წევრების მიმართ ნებისმიერი აგრესიის შეკავებას ახდენს.

„ამაღამ, მე და ჯილი ვლოცულობთ მამაცი და ამაყი უკრაინელი ხალხისთვის“, – თქვა ბაიდენმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.

„პუტინმა სულ ახლახან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. უკრაინის მშვიდობიანი ქალაქები დარტყმების ქვეშაა. ეს არის აგრესიის ომი. უკრაინა დაიცავს საკუთარ თავს და გაიმარჯვებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს პუტინი. მოქმედების დროა“,- წერს კულება „თვითერზე“.

ბაიდენის და კულებას განცხადებებამდე, ხუთშაბათ დილით, რუსი ხალხისადმი მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის ოკუპაციის „გეგმები“ არ აქვს.

დონბასის რეგიონში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის შესახებ“ გამოცხადებისას პუტინმა დაჟინებით მოუწოდა აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებს დაყარონ იარაღი და დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. პუტინმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ მოსკოვის პასუხი იქნება „მყისიერი“, თუკი ვინმე შეეცდება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას.

guardian.ge