ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ევროკავშირმა რუსული ნავთობის აკრძალვის შესახებ კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწია

ევროკავშირის ლიდერები რუსული ნავთობის იმპორტის ორ-მესამედზე მეტის დაბლოკვაზე შეთანხმდნენ. აკრძალვა წარმოადგენს კომპრომისს, რომელიც უნგრეთის წინააღმდეგობის გამო მილსადენის ნავთობის იმპორტზე არ იმოქმედებს და სანქციები შეეხება მხოლოდ იმ რუსულ ნავთობს, რომლის ევროპაში ტრანსპორტირებაც ზღვის მეშვეობით ხდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება რუსული ომის მანქანის „დაფინანსების უზარმაზარი წყაროს“ შეწყვეტაა. ეს არის ბრიუსელის სამიტზე დამტკიცებული სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილი, რომელზეც 27-ვე წევრი ქვეყანა უნდა შეთანხმებულიყო.

მიშელმა თქვა, რომ ევროკავშირი ასევე შეთანხმდა რუსეთის უმსხვილესი ბანკის, „სბერბანკის“ და სამი სახელმწიფო მაუწყებელის მიმართ მძიმე ზომების გატარებას.

ევროკავშირის წევრები საათების განმავლობაში ცდილობდნენ რუსული ნავთობის იმპორტის  შესახებ უთანხმოების დაძლევას, რომლის მთავარი მოწინააღმდეგე უნგრეთი იყო, რომელიც თავისი ნავთობის 65%-ის იმპორტს რუსეთიდან მილსადენის მეშვეობით ახორციელებს.

სხვა ხმელეთით გარშემორტყმულმა ქვეყნებმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების გამო, ასევე მეტი დრო ითხოვეს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მოლაპარაკებების დროს მკაცრი პოზიცია შეინარჩუნა და ევროკომისია დაადანაშაულა წევრ ქვეყნებთან რუსული ნავთობის აკრძალვის შესახებ სათანადო მოლაპარაკების წარუმატებლობაში. მისი თქმით, ენერგეტიკა არის „სერიოზული საკითხი და არა ბავშვების თამაში“ და „პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებები და შემდეგ სანქციები“.

guardian.ge