მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობაზე ბრალი წარუდგინეს

ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და კიდევ 18 პირს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობაზე ბრალი წარუდგინეს. მისთვის ეს უკვე მეოთხე საბრალდებო აქტია.

ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას და „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერში წამყვანი კანდიდატია.

ის უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ 13 ბრალდებას, რაც მოიცავს არჩევნებში ჩარევას. მისი თქმით, ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.

ყოფილ პრეზიდენტს ბრალად ედება არაერთი დანაშაული, მათ შორის:

ჯორჯიის შტატის რეკეტული აქტის დარღვევა;

საჯარო მოხელის მიერ ფიცის დარღვევის შუამდგომლობა;

საჯარო მოხელედ თავის წარმოჩენა;

დოკუმენტების გაყალბება;

ყალბი განცხადებები და ნაწერები და ყალბი დოკუმენტების წარდგენა.

საბრალდებო დასკვნა ბრალდებულებს „კრიმინალურ ორგანიზაციად“ მოიხსენიებს და მათ ბრალს სდებს სხვა დანაშაულებშიც, მათ შორის მოწმეებზე ზემოქმედებაში, კომპიუტერის ხელყოფასა, ქურდობასა და ცრუ ჩვენების მიცემაში.