აზია, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპს კიმ ჩენ ინის წერილი გადასცეს, რომელშიც იგი ტრამპთან შეხვედრის სურვილს გამოხატავს, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტი თანახმაა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის სურვილი გამოხატა, რაზეც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა.

როგორც BBC იუწყება, შოკისმომგვრელი განცხადება ვაშინგტონში გაკეთდა სამხრეთ კორეის მაღალი რანგის ოფიციალური პირის მიერ, რომელმაც ტრამპს თეთთრ სახლში შეხვედრისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერის წერილი გადასცა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩევლის, ჩონ იი იენის განცხადებით, რომელიც კვირის დასაწყისში ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდა, კიმმა ასევე განაცხადა, რომ თანახმაა შეაჩეროს ბირთვული და სარაკეტო გამოცდები და „მზად არის ბირთვული განიარაღებისთვის“.

ტრამპმა განაცხადა, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება „დიდი პროგრესია“, მაგრამ ჩრდილოეთ კორეაზე უკვე დაწესებული სანქციები ძალაში იქნება მანამ, სანამ მყარი შეთანხმება არ იქნება მიღწეული.

ჩრდილოეთ კორეას ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გამოუქვეყნებია.

დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, თეთრი სახლის გარეთ საუბრისას, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჟე ინის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში განაცხადა: „მე ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს, რომ ჩვენ შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ იგი მომხრეა ბირთვული განიარაღების“.

მან დაამატა: „პრეზიდენტმა ტრამპმა მადლიერება გამოხატა ინფორმაციის მიწოდებისათვის და თქვა, რომ იგი შეხვდება კიმ ჩენ ინს მაისისთვის, რომ მიაღწოს სამუდამო ბირთვულ განიარაღებას“.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება, იმ ფონზე, როცა 1950-იანი წლების კორეული ომის შემდეგ შეერთებულ შტატებსა და კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას (ჩრდილოეთ კორეას) შორის ხანგრძლივი მტრული ურთიერთობები არსებობს, რამაც ყველაზე მძაფრი გამოვლენა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას ჰპოვა, შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

ჩრდილოეთ კორეამ კიმ ჩენ ინის ლიდერობისას განსაკუთრებული ინტენსივობით განაგრძო ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განვითარება და არაერთი კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელთაც ფხენიანის მტკიცებით, ამერკის შეერთებული შტატების კონტინენტზე ყველა წერტილში წვდომის შესაძლებლობა გააჩნიათ.

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეიარაღებისაკენ გამალებული სვლის შედეგად ქვეყანას გაეროს უშიშროებს საბჭოს მიერ არაერთხელ დაუწესდა მძიმე სანქციები.

აშშ-ის არც ერთი მოქმედი პრეზიდენტი მანამდე არასოდეს შეხვედრია ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, მაგრამ გასულ წლებშიც იყო არაერთი მცდელობა მიღწეულიყო ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღება.

ბოლო დიდი ძალისხმევა – ექვსი მხარის მოლაპარაკებები – 2008 წელს ჩაიშალა, დიდწილად იმიტომ, რომ ჩრდილოეთ კორეამ უარი განაცხადა ქვეყანაში ინსპექტორების შეშვებაზე, რომელთაც უნდა შეესწავლათ, შეაჩერა თუ არა ფხენიანმა ბირთვული პროგრამა.

სხვა ანალოგიური მცდელობებიც უშედეგო აღმოჩნდა, მათ შორის 2012 წელს მოლაპარაკებების გამართვის სურვილიც, როდესაც ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი მორიგი რაკეტა გაუშვა.

როგორც BBC წერს, კიმ ჩენ ინის გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე, რადგან მას მგზავრობაზე სანქციები აქვს დაწესებული, შეხვედრა შესაძლოა, დემილიტარიზებულ ზონაში – ჩრდილოეთის და სამხრეთის საზღვარზე – მოხდეს, ანდა შესაძლოა, მათ ჩინეთმა უმასპინძლოს, რადგან ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ დონალდ ტრამპი ჩავიდეს ჩრდილოეთ კორეაში.