მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპმა ტერეზა მეის უთხრა, რომ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ყველაზე დიდი ალიანსი არსებობს, რომელიც კი მსოფლიოში ოდესმე ყოფილა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ტერეზა მეისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს „ბრწყინვალე და იშვიათად გამორჩეული ურთიერთობა“ აქვთ  და „ეს არის ყველაზე დიდი ალიანსი, რომელიც კი მსოფლიოში ოდესმე ყოფილა ცნობილი“.

პრესკონფერენციაზე ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა „სათუთად უნდა მოუარონ“ თავიანთ ურთიერთობებს და ამაზე უნდა აიგოს სამომავლო თანამშრომლობა.

ტრამპი დიდ ბრიტანეთთან „ფენომენალური“ სავაჭრო შეთანხმების დადების პირობას დებს მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევროკავშირს დატოვებს.  მან თქვა, რომ არსებობს ისეთი შეთანხმების დადების პოტენციალი, რომ ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობა არათუ გაორმაგდეს, არამედ გასამმაგდეს კიდეც.

შეკითხვაზე, დატოვოს უნდა თუ არა დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი, ტრამპმა უპასუხა, რომ იგი ამ პროცესს ახლოდან არ ადევნებს თვალყურს, მაგრამ ფიქრობს, რომ დიდმა ბრიტანეთმა უნდა დატოვოს ბლოკი. მან აღნიშნა, რომ ტერეზა მეიმ ამ კუთხით ბრიტანეთი ძალიან კარგ ადგილამდე მიიყვანა.

„დიდი ბრიტანეთი ძალზე სპეციფიკური ადგილია და ის იმსახურებს სპეციფიკურ ადგილს“, აღნიშნა ტრამპმა.

შეკითხვაზე – რას ეტყოდა ჯერემი კორბინს (დიდი ბრიტანეთის „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს), დადებდა თუ არა სავაჭრო შეთანხმებას მასთან? – ტრამპმა უპასუხა, რომ იგი არ იცნობს ჯერემი კორბინს. „კორბინს უნდოდა დღეს ან ხვალ ჩემთან შეხვედრა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ არ შევხვდე“, განაცხადა ტრამპმა და კორბინს და ლონდონის მერს, სადიყ ხანს „ნეგატიური ძალები“ უწოდა.

„კორბინი ჩემს მიმართ კრიტიკულია და მე არ მომწონს ადამიანები, რომლებიც კრიტიკულნი არიან“, დაამატა ტრამპმა.

პრეზიდენტმა ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერობისთვის მოახლოებულ ბრძოლაზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ „ტორების“ კანდიდატები – ჯერემი ჰანტი და ბორის ჯონსონი – ორივე კარგად გაართმევს თავს პრემიერ მინისტრის პოსტზე სამსახურს.

აშშ-ის პრეზიდენტი დიდ ბრტანეთში მისი ვიზიტისას გამოხატულ პროტესტსაც შეეხო და თქვა, რომ მის წინააღმდეგ „ძალიან მცირე“, პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფი გამოვიდა, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი, ათასობით ადამიანი მიესალმა მის ვიზიტს და დროშების ქნევით და ოვაციებით დახვდა მას გუშინაც და დღესაც.

ტრამპმა პრესკონფერენციაზე დამსწრეთ უთხრა: „მე გავიგე, რომ აქ პროტესტს ჰქონდა ადგილი. მე ვთქვი, ‘სადაა პროტესტი, მე ვერ ვხედავ რაიმე პროტესტს’.

„მე ნამდვილად დავინახე მცირე პროტესტი, როდესაც აქ მოვდიოდი, ძალიან პატარა. ამგვარად, ეს ყალბი ახალი ამბების ნაწილია“.

(ფოტოზე: ტრაფალგარის მოედანზე ტრამპის წინააღმდეგ შეკრებილი პროტესტანტები)

guardian.ge