მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპმა მთელი მსოფლიოს უფროსი თაობის ადამიანებს მიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფროსი თაობის ადამიანებს ვიდეოთი მიმართა და უთხრა, რომ „საშინელი დაავადების“, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტური წამლები მალე, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

„ჩვენ უზარმაზარ პროგრესს ვაღწევთ ამ საშინელ დაავადებაზე, რომელიც ჩინეთმა გამოგვიგზავნა. ჩინეთი დიდ საფასურს გადაიხდის იმისათვის, რაც მათ გაუკეთეს მსოფლიოს და ჩვენ. მაგრამ ჩვენ გვაქვს წამლები, რომელიც კურნავს ამას. მე საავადმყოფოში ძალიან ავადმყოფი გადამიყვანეს და მე მივიღე ეს წამლები და ეს წარმოუდგენელი იყო, ეს დაუჯერებელი იყო. მე მომდევნო დღეებში, დროზე უფრო ადრე გამოვეწერე, ამას დაუჯერებელი გავლენა ჰქონდა. და ჩვენ ამ წამლებს და მათ მსგავსს, თითქმის იდენტურს, ხელმისაწვდომს გავხდით დაუყოვნებლივ. ჩვენ გვაქვს გადაუდებელი გამოყენების საჭიროების კანონის ხელმოწერის უფლება და მე მინდა ამას დაუყოვნებლივ მოვაწერო ხელი. ასეთი საკითხების მოგვარება წლები იწელება ხოლმე, მაგრამ ჩვენ კვირებში მოვახდენთ ამას, რადგანაც აქ მე ვარ.

„ჩვენ ვზრუნავთ უფროს თაობაზე. თქვენ არ ხართ დაუცველი, მაგრამ ამ კონკრეტულ ერთ შემთხვევაში თქვენ ხართ დაუცველი, ისევე  როგორც მე. მინდა, რომ თქვენც ისეთივე ჯანდაცვის მომსახურება მიიღოთ, როგორც მე მივიღე. მე წარმოუდგენლად კარგი მომსახურება მივიღე და წარმოუდგნელად კარგი ექიმები მყავდა. და ეს წამლები, განსაკუთრებით კი ერთი წამალი, დაუჯერებელი იყო. თქვენ ამ წამალს მიიღებთ და მიიღებთ უფასოდ, საფასურის გადახდის გარეშე და მიიღებთ მალე. და ამ ამბის სასიამოვნო მხარე ისაა, რომ ეს სრულიად უსაფრთხოა, მაგრამ მძლავრად მოქმედია ამ დაავადების წინააღმდეგ. და ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენს უფროს თაობაზე და ყველაფერი იქნება უფასო“, განაცხადა ტრამპმა.

მან „თვითერზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში თავის ოპონენტზე, „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატზე, ჯო ბაიდენზეც გააკეთა კოემნტარი.

„ჩემი ოპონენტი, როგორც თქვენ იცით, ლაპარაკობს, მაგრამ მას არაფერი არ გაუკეთებია 47 წელი. მე უფრო მეტი გავაკეთე 47 თვეში, ვიდრე მან 47 წელიწადში. ის მხოლოდ ლაპარაკობს. ჩვენ რომ მასზე ვიყოთ დამოკიდებული, წლების განმავლობაში არაფერი ახალი არ გვექნებოდა. მას ჰქონდა შანსი H1N1-ის, ღორის გრიპის, ერთ-ერთი საშინელი უბედურების დროს, მაგრამ იცით რას აკეთებდა, მაგრამ მე ნამდვილად ვიცი, რასაც ვაკეთებ“, განაცხადა ტრამპმა და კიდევ ერთხელ დაამშვიდა უფროსი თაობის ადამიანები, რომ „ძალიან სწრაფად“ იქნება ხელმისაწვდომი კორონავირუსის წამალი.

GUARDIAN.GE