ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტი გააუქმა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში თებერვალში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ტრამპის ნაცვლად, ლონდონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ჩავა.

ამის შესახებ ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) წერს.

ვიზიტი ლონდონში აშშ-ის საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიას ემთხვეოდა.

ტრამპმა განაცხადა, რომ ის საელჩოს ახალი შენობის „დიდი გულშემატკივარი არ არის”.

„ლონდონში ვიზიტი გავაუქმე, რადგან არ ვუჭერ მხარს ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომელმაც ლონდონში საელჩოს შენობა კაპიკებად გაყიდა იმისთვის, რომ შემოგარენში ახალი შენობა 1,2 მილიარდ დოლარად აეშენებინა. ცუდი შეთანხმებაა. გინდოდათ, რომ ლენტი გამეჭრა? არა!“ დაწერა დონალდ ტრამპმა „თვითერის“ საკუთარ მიკრობლოგში.

2017 წლის იანვარში, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციიდან მალევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი ვაშინგტონში ჩავიდა. ტრამპმა მეისგან დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტად მიპატიჟება პრემიერ მინისტრის აღნიშნული სტუმრობის დროს მიიღო.