აზია, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპმა დაჟინებით მოუწოდა ჩინეთის ლიდერს, ქსი ძინპინგს „ძალიან მაგრად იმუშაოს“ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საფრთხეებზე

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაჟინებით მოუწოდა ჩინეთის ლიდერს, ქსი ძინპინგს „ძალიან მაგრად იმუშაოს“ იმ მიმართულებით, რომ დაარწმუნოს ჩრდილოეთ კორეა უარი თქვას მის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებზე.

მან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო დეფიციტზე საუბრისას ასევე თქვა, რომ „არ ადანაშაულებს ჩინეთს“ შეერთებული შტატების „გამოყენებით“.

იგი ჩინეთში აზიის ტურნეს ფარგლებში იმყოფება და აღნიშნულის შესახებ პეკინში ბიზნეს ლიდერების ფორუმზე ისაუბრა. უფრო ადრე კი მან და ჩინეთის პრეზიდენტმა, მისთვის პეკინში გულუხვი დახვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გამართეს.

როგორც BBC იუწყება, ტრამპის დღის წესრიგი უმთავრესად იმის განხილვას მიეძღვნა, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ჩრდილოეთ კორეის რეგიონისადმი საფრთხეებს. ჩინეთი ფხენიანის მთავარი ეკონომიკური და პოლიტიკური მოკავშირეა.

ქსიმ და ტრამპმა გამოაცხადეს, რომ მათმა ქვეყნებმა ტრამპის ვიზიტისას 250 მილიარდი აშშ დოლარის ბიზნეს შეთანხმებებს მოაწერეს ხელი.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ოთხშაბათს სამხრეთ კორეის პარლამენტისადმი სიტყვით მიმართვისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გააფრთხილა, რომ ნუ შეაფასებს არასათანადოდ ამერიკას და მის მოკავშირეებს. „ნუ გვცდი ჩვენ“, განაცხადა მან.

ტრამპმა კიმს თავის სიტყვაში მიმართა და განაცხადა: „ირაღს, რომელსაც შენ იძენ, უფრო უსაფრთხოს კი არ გხდის, არამედ ის შენ რეჟიმს სერიოზულ საფრთხეში აგდებს“.

მან ასევე დაჟინებით მოუწოდა ჩინეთს ფხენიანთან კავშირებზე მაქსიმალურად ხელის აღებისკენ და კიდევ ერთხელ გაიმეორა პეკინისადმი ადრე არაერთხელ გაჟღერებული მოწოდება, მოახდინოს ზეწოლა მის მეზობელზე. ჩინეთი კი ამტკიცებს, რომ ყველაფერს აკეთებს რაც კი შეუძლია და დაჟინებით ირწმუნება, რომ სრულად აქვს ამოქმედებული გაერო-ს მიერ დაწესებული სანქციები.

GUARDIAN.GE