მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპმა განკარგულება გამოსცა, რომელიც აშშ-ში არალეგალი მიგრანტების ოჯახების განცალკევებას არ დაუშვებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იძულებული გახდა დაყოლოდა საზოგადოებრივ ზეწოლას და გაეთვალისწინებინა საერთაშორისო აღშფოთება უკანონო მიგრანტების ოჯახების წევრთა განცალკევებასთან დაკავშირებით.

მან საპრეზიდენტო განკარგულება გამოსცა, რომელიც აშშ-ში დოკუმენტების გარეშე მყოფი მიგრანტების ოჯახების დაყოფას, კერძოდ, მშობლების შვილებისაგან განცალკევებას არ დაუშვებს.

მან თქვა, რომ მასზე დიდი ზეგავლენა იქონია იმ ბავშვების ფოტოებმა, რომლებიც აშშ-ის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დაპატიმრებული მშობლებისაგან იქნენ განცალკევებულნი. თუმცა პრეზიდენტის განკარგულება არ შეეხებათ იმ ოჯახებს, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციის უწინდელი პოლიტიკის წყალობით იქნენ განცალკევებულნი.

შეერთებული შტატების საიმიგრაციო სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 5 მაისიდან 9 ივნისამდე 2 206 მშობლიდან 2 342 ბავშვი იქნა განცალკევებული.

„ეს ოჯახების ერთად შენარჩუნების შესახებ განკარგულებაა“, განაცხადა ტრამპმა ოთხშაბათს დოკუმენტის ხელმოწერისას.

„მე არ მომწონდა ოჯახების განცალკევება“, აღნიშნა პრეზიდენტმა, მაგრამ დაამატა, რომ ადმინისტრაცია განაგრძობს თავის „ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას“ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც არალეგალურად გადაკვეთს საზღვარს.

იმიგრანტების ოჯახები ერთად იქნებიან საპატიმრო დაწესებულებებში იმ დროის განმავლობაში, ვიდრე მათი საქმეების სასამართლო განხილვები არ იქნება დასრულებული.

პრეზიდენტმა თქვა, რომ მის მეუღლეს, მელანიას და ქალიშვილ ივანკას, რომლებიც გავრცელებული ცნობით მასზე აღნიშნული პოლიტიკის შეცვლის მიზნით ზეწოლას ახდენდნენ, მიგრანტების ოჯახების განცალკევების პრაქტიკის დასრულების გამო, კმაყოფილების „მძლავრი შეგრძნება“ აქვთ.

„მე ვფიქრობ, ნებისმიერი ვინმე, ვისაც კი გული აქვს, ამის გამო თავს მტკიცედ იგრძნობს. ჩვენ არ მოგვწონს შევხედოთ განცალკევებულ ოჯახებს“, განაცხადა ტრამპმა.

guardian.ge