მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპი თავს დაესხა „ყალბ მედიას“ და მისი საარჩევნო კამპანიის ყოფილი თავმჯდომარის, პოლ მანაფორტისადმი წარდგენილ ბრალდებებს უპასუხა

დონალდ ტრამპი მისი საარჩევნო კამპანიის ყოფილი თავმჯდომარის, პოლ მანაფორტისადმი სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის საგამოძიებო ჯგუფის მიერ წარდგენილ ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მასსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის „საიდუმლო შეთანხმებას“ ადგილი არ ჰქონია.

„ყალბი ახალი ამბები ზეგანაკვეთურად მუშაობს. როგორც პოლ მანაფორტის ადვოკატმა თქვა, „არ ყოფილა საიდუმლო შეთანხმება“ და მოვლენებს, რომელიც აღნიშნული იყო, გაცილებით ადრე ჰქონდა ადგილი, ვიდრე ის კამპანიაში მოვიდოდა… ვიმედოვნებ, რომ ხალხი დაიწყებს ფოკუსირების მოხდენას ჩვენი ბიზნესის და საშუალო კლასისთვის გადასახადების მასობრივ შემცირებაზე“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი და მისი ყოფილი ბიზნეს-პარტნიორი რიკ გეიტსი შეერთებული შტატების წინააღმდეგ კონსპირაციის, ფულის გათეთრების და კიდევ რამდენიმე სხვა ფინანსური ბრალდებით წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. ორივე მათგანს ათეულობით მილიონი დოლარის უცხოური კომპანიების და საბანკო ანგარიშების მეშვეობით გადატანაში ედება ბრალი.

The Associated Press -ის ინფორმაციით, მანაფორტი და გეიტსი ფედერალურ საგამოძიებო ორგანოებს უკვე ჩაბარდნენ და ორშაბათს სასამართლოს წინაშე წარსდგნენ, სადაც პასუხები გასცეს რობერტ მიულერის საგამოძიებო გუნდის ბრალდებებს.

საბრალდებო ოქმი ამტკიცებს, რომ მათ ფული დამალული საბანკო ანგარიშებით კვიპროსზე, სეინტ ვინცენტში, გრენლანდიასა და სეიშელებზე გადაჰქონდათ – ჯამში, 75 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იქნა გადაქაჩული ოფშორულ ანგარიშებზე. საბრალდებო ოქმის თანახმად, მანაფორტს 18 მილიონ აშშ დოლარზე მეტი თანხის გათეთრებაში ედება ბრალი.

68 წლის მანაფორტი ტრამპის საარჩევნო კამპანიის თავმჯდომარის პოსტიდან 2016 წლის აგვისტოში, მას შემდეგ გადააყენეს რაც ცნობილი გახდა, რომ იგი უკრაინაში პრო-რუსული ინტერესების საიდუმლო ლობირების ოპერაციას ხელმძღვანელობდა. The Associated Press-ის ცნობით, მანაფორტი ათწლეულის წინათ ასევე წარმოადგენდა რუს მილიარდერს იმ მიზნით, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერესები განევითარებინათ.

GUARDIAN.GE