მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპი: „ეს [თურქეთი-სირია] ჩვენი საზღვარი არ არის“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქეთის სირიაში შეჭრაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ „ეს ჩვენი საზღვარი არ არის“, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მცხოვრებ ამერიკის ყოფილ მოკავშირეებზე, ქურთებზე, რომლებიც აშშ-ს „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებაში დაეხმარნენ, თქვა, რომ ისინი „ანგელოზები არ არიან“.

უფრო ადრე გავრცელებული ცნობების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში „ჩვენი პრობლემა არ არის“. „მათ აქვთ პრობლემა საზღვართან დაკავშირებით. ეს ჩვენი საზღვარი არ არის. ჩვენ არ უნდა შევწიროთ სიცოცხლეები ამის გამო“.

ტრამპა აღნიშნა, რომ სირია-თურქეთის საზღვარზე შექმნილ მდგომარეობას უყურებს, როგორც „სტრატეგიულად უბრწყინვალესს“ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

„ჩვენი ჯარისკაცები იქიდან გამოსული არიან. ჩვენი ჯარისკაცები სრულიად უსაფრთხონი არიან. მათ უნდა იმუშაონ ამ საკითხის გადაწყვეტაზე. შესაძლოა, მათ ეს ბრძოლის გარეშე გააკეთონ“, თქვა მან.

„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ვცდილობთ თურქეთმა მართებული ნაბიჯები გადადგას, რადგან ჩვენ გვსურს შევაჩეროთ ომები ნებისმიერ შემთხვევაში“.

პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ქურთები „ანგელოზები არ არიან“.

„ისინი ჩვენთან ერთად იბრძოდნენ. ჩვენ ბევრი ფული გამოვყავით მათთვის, რომ ჩვენთან ეომათ და ეს მისაღებია. ისინი კარგად იბრძოდნენ ჩვენთან ერთად. ისინი ისე კარგად ვერ იბრძვიან, როგორც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ“, განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ მას „არ აუნთია მწვანე შუქი“ ოპერაციის დასაწყებად თურქეთის ლიდერის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის და დაჟინებით ირწმუნება, რომ მან ერდოღანს „ძალიან მძლავრი წერილი“ მისწერა მას შემდეგ, რაც მას ტელეფონით ესაუბრა სირიაში სამხედრო შეჭრის თაობაზე.

წერილი, რომელიც 9 ოქტომბრით არის დათარიღებული – იმ დღით, როცა თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია წამოიწყო – ოთხშაბათს, 16 ოქტომბერს გამოქვეყნდა, სადაც ტრამპი ერდოღანს სწერს: „ნუ იქნები მაგარი ბიჭი, ნუ იქნები სულელი!“

„შენ არ გინდა იყო პასუხისმგებელი ათასობით ადამიანის ხოცვა-ჟლეტვაზე, და მე არ მინდა ვიყო პასუხისმგებელი თურქეთი ეკონომიკის განადგურებაზე – და მე ვიქნები ამაზე პასუხისმგებელი“, ნათქვამია წერილში.

guardian.ge