მსოფლიოს ახალი ამბები, სამხრეთ ამერიკა

დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ოფიციალურად აღიარეს

დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ოფიციალურად აღიარეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ კატეგორიულად არ გაიზიარა ევროკავშირის მიერ კვირის ბოლომდე მიცემული ვადა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე.

ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ, რომელმაც საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად 23 იანვარს გამოაცხადა და შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების მხარდაჭერა მოიპოვა, განაცხადა, რომ იგი საერთაშორისო კოალიციას შექმნის და ვენესუელელი ხალხისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას უზრუნველყოფს. მაგრამ მადურომ მას სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში დასდო ბრალი.

რუსეთმა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ნიკოლას მადუროს, ევროკავშირის ქვეყნებს ვენესუელას შიდა საქმეებში ჩარევაში დასდო ბრალი.

ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ მას არ შეუძლია გამორიცხოს სამოქალაქო ომის შესაძლებლობა იმ ფონზე, როცა მასზე გადადგომის მოთხოვნის ზეწოლა ძლიერდება.

სატელევიზიო ინტერვიუში მან გამაფრთხილებლად თქვა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შესაძლოა თეთრი სახლი „სისხლში ამოთხვრილმა“ დატოვოს, თუკი იგი ჩაერევა კრიზისში.

რა განაცხადეს ევროკავშირის ქვეყნებმა?

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთის და სხვა ევროპული ქვეყნების მიერ მადუროსთვის 26 იანვარს მიცემული ულტიმატუმი დაენიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, კვირას, 3 თებერვალს ამოიწურა. ულტიმუტამის განცხადებაში ისინი აცხადებდნენ, რომ ოპოზიციის ლიდერს და ეროვნული ასამბლეის სპიკერს, ხუან გუაიდოს ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარებდნენ, თუკი მადურო მათ წინადადებას არ დათანხმდებოდა. აქედან გამომდნარე, ამ ქვეყნებმა და ევროკავშირის კიდევ რამდენიმე სხვა სახელმწიფომ ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ოფიციალურად აღიარეს.

„დიდი ბრიტანეთი, ევროპელი მოკავშირეების მხარდამხარ, ახლა აღიარებს ხუან გუაიდოს ვენესუელას დროებით, კონსტიტუციურ პრეზიდენტად, ვიდრე სანდო არჩევნები არ ჩატარდება“, განაცხადა „თვითერზე“ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ჯერემი ჰანტმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ტერეზა მეის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კი თქვა, რომ განიხილება „შემდგომი ნაბიჯები“, მათ შორის სანქციების გამოყენება, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია რა ფორმის სანქციები შეიძლება იყოს დაწესებული ვენესუელაზე.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვენესუელელებს უფლება აქვთ „გამოხატონ თავიანთი თავი თავისუფლად და დემოკრატიულად“.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ტოკიოში პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნები მოელიან, რომ გუაიდო სწრაფი არჩევნების პროცესის ინიციატივას წარადგენს.

ესპანეთის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ვენესუელა „თავისი მომავალი ბედისწერის ავტორი თავად უნდა იყოს“.

„საერთაშორისო საზოგადოებას აქვს მოვალეობა დაეხმაროს მას და უზრუნველყოს ის, რომ ეს საჭირო გარანტიებით მოხდეს“, უთხრა მან რეპორტიორებს.

რა განაცხადა მადურომ ულტიმატუმის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე?

ესპანურ ტელევიზიასთან, პროგრამა „სალვადოსთან“ ინტერვიუში, რომელიც კვირას გადაიცა, მადუროს ჰკითხეს, იყო თუ არა შესაძლებელი რომ ვენესუელას კრიზისი სამოქალაქო ომში გადაზრდილიყო?

„დღეს არავის შეუძლია ამ შეკითხვას გარკვევით უპასუხოს. ყველაფერი დამოკიდებულია ჩრდილოეთ იმპერიის (აშშ) და მისი დასავლელი მოკავშირეების სიგიჟის და აგრესიის მასშტაბებზე.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ არავინ ჩაერიოს ჩვენს საშინაო საქმეებში… და ჩვენ ვემზადებით დავიცვათ ჩვენი ქვეყანა“, განაცხადა მადურომ, როგორც ამას BBC იტყობინება.

როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკულ ტელეკომპანია CBS-ს უთხრა, სამხედრო ძალების გამოყენება რჩება დღის წესრიგში, როგორც „არჩევანი“.

მაგრამ მადურომ გააფრთხილა აშშ-ის პრეზიდენტი, რომ იგი ვიეტნამის ომის გამეორებას გარისკავდა, თუკი ვენესუელას შიდა საკითხებში სამხედრო ჩარევას მოინდომებდა.

„შეჩერდი. შეჩერდი, დონალდ ტრამპ! შენ უშვებ შეცდომას, რომელიც ხელებს სისხლში ამოგითხვრის და პრეზიდენტის პოსტს სისხლში ამოთხვრილი დატოვებ. მოდით, პატივი ვცეთ ერთმანეთს, თუ ეს ის არის, რომ შენ გაიმეორო ვიეტნამის ომი ლათინურ ამერიკაში?“

guardian.ge