ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირი საბჭოთა კავშირს შეადარა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა ევროკავშირი საბჭოთა კავშირს შეადარა, რადგან ისიც საბჭოეთის მსგავსად ცდილობს არ გაუშვას მისი ხელიდან ის სახელმწიფოები, რომელთაც ბლოკის დატოვება სურთ.

ბირმინგემში, „კონსერვატიული პარტიის“ ყრილობაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა გააფრთხილა ბრიუსელი, რომ ტერეზა მეის მიერ „მეგობრობის ხელის გაწოდებაზე“ უარის თქმა მას ძვირად დაუჯდება.

მან ასევე მისი სიტყვა გამოიყენა ტორების პარტიაში ერთიანობისაკენ მოწოდებისათვის, რადგან მისი აზრით, ტორების რიგებში დაყოფამ შესაძლოა „მცდარი ბრექსიტის, კორბინის (შენიშვნა: ჯერემი კორბინი – დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი) ბრექსიტის და შესაძლოა სულაც არა-ბრექსიტის“ რისკები წარმოშვას.

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს ევროკავშირის დატოვების შესახებ გამართულ რეფერენდუმში ჰანტი დიდი ბრიტანეთის ბლოკში დარჩენას უჭერდა მხარს, ახლა იგი ხმას აძლევს დატოვებას, იმის გამო, რომ გაყრის შესახებ მოლაპარაკებებისას ევროკავშირმა „ქედმაღლობა“ აჩვენა.

„ამ მომენტში ჩანს, რომ თქვენ ფიქრობთ იმ გზაზე, როგორ შეინარჩუნოთ ბლოკი ერთიანი, რაც გამოიხატება იმ წევრის დასჯაში, ვინც ტოვებს მას…

რა მოუვიდა ევროპული ოცნების თავდაჯერებულობას და იდეალებს? ევროკავშირი თავისუფლების დასაცავად დაფუძნდა. ეს საბჭოთა კავშირი იყო, რომელიც ხალხს დატოვების უფლებას არ აძლევდა.

„გაკვეთილები ისტორიიდან ნათელია: თუ თქვენ გადააქცევთ ევროკავშირს საპატიმროდ, მისგან თავის დაღწევის სურვილი კი არ შემცირდება, არამედ გაიზრდება – და ჩვენ არ ვიქნებით ერთადერთი პატიმარი, რომელსაც გაქცევა მოუნდება.

„თუკი თქვენ უარს იტყვით ჩვენი პრემიერ მინისტრის მიერ გამოწოდებული მეგობრობის ხელზე, თქვენ ზურგს შეაქცევთ იმ პარტნიორობას, რამაც ევროკავშირს უფრო მეტი უსაფრთხოება, უფრო მეტი თავისუფლება და უფრო მეტი შესაძლებლობები მისცა ისტორიაში, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა“, განაცხადა ჯერემი ჰანტმა.

guardian.ge