საქართველო

დეპუტატმა ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა თუ რაზე ისაუბრეს უმრავლესობის ივანიშვილთან შეხვედრაზე

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილის და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ ივანიშვილი ძირითადად ისმენდა დეპუტატების მოსაზრებებს, მაგრამ შენიშვნებიც ჰქონდა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია რა სახის იყო ივანიშვილის შენიშვნები.

„დღევანდელ შეხვედრაზე ორ ნაწილად დავყავით თემა. ის, რაც სახელისუფლებო რგოლების მიმართ საზოგადოებას გააჩნია მოთხოვნები, გააჩნია პრეტენზიები, გააჩნია დასაბუთებული უკმაყოფილება, ეს საკითხები განვიხილეთ, რაც ამ წინასაარჩევნო პერიოდში კარგად გამოვლინდა, ვიმსჯელეთ ასევე იმ რესურსზე, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია ჯერ კიდევ, მაგრამ ურთიერთკომუნიკაციის გამო, საზოგადოებას, პოლიტიკურ საზოგადოებას ვგულისხმობ, გამოაკლდა საკმაოდ კარგი, ენერგიული, მაღალი პოტენციის მქონე წევრები და მესამე საკითხი იყო ეს წმინდა პარტიული წინასაარჩევნო ტექნოლოგიების თემაზე საუბარი, გარკვეული სისუსტეებიც ძალიან გულახდილად განვიხილეთ და გაგრძელდება სამომავლოდ რეგიონალურ ჭრილში მუშაობა – თბილისი ცალკე, დიდი ქალაქები ცალკე და რეგიონები კიდევ ცალკე. მაჟორიტარები, ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელები იქნებიან ამ ორი დღის განმავლობაში ამ საკითხების განმხილველი“, განაცხადა ვოლსკიმ და დაამატა, რომ „ბიძინა ივანიშვილი ძირითადად უსმენდა, მაგრამ თავისი შენიშვნებიც ჰქონდა“.

ვოლსკიმ არ დააკონკრეტა თუ რა შენიშვნები ჰქონდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, დეტალების განხილვისაგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის თქვა, რომ საუბარი „ქართული ოცნების“ ძველი წევრების უფრო აქტიურ ჩართულობას თუ ჩაურთველობას, კოორდინატორების გააქტიურების აუცილებლობას, ასევე რეგიონული დონის შეხვედრების გამართვას შეეხო.

„მაჟორიტარებს და პარტიული სიის წევრებს უფრო მეტი მოვუსმინეთ, ვიდრე ვინმეს მიმართ შენიშვნა იყო. კრიტიკაც იყო, შენიშვნებიც იყო, მაგრამ მოსმენა გაცილებით მეტი იყო ერთმანეთის, ვიდრე ერთმანეთის რაღაცა შენიშვნები“, განაცხადა ვოლსკიმ, რომლის თქმითაც დღევანდელ შეხვედრას სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა. „იგი [ზურაბიშვილი] საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი. არაოპტიმისტური განწყობის არავითარი საფუძველი და წინაპირობა არ გაგვაჩნია“, დასძინა ვოლსკიმ და ახალქალაქის ინციდენტთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს „ძალიან სერიოზული თემაა“.

„ახალქალაქის ინციდენტი უნდა განიხილოს იმან, ვისაც ეხება ეს საკითხი. არის ძალიან სერიოზული თემა და არის საკითხი, როდესაც სახეზე გავქვს სერიოზული პროვოცირება შეჯახების და არის კიდევ კონტექსტი სისხლის სამართლის და არის რაღაც გარკვეული წესები საარჩევნო“, აღნიშნა ვოლსკიმ.

guardian.ge