საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: „ყველაფერს აკეთებს ეს ე.წ. ხელისუფლება, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დააკნინოს”

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება პრეზიდენტის ინსტიტუტს აკნინებს და სალომე ზურაბიშვილს “დასაწყისშივე ადებენ არტახებს და პირში ჩვარს უჩურთავენ, რომ არ გაბედოს და ხმა არ ამოიღოს”.

„ყველაფერს აკეთებს ეს ე.წ. ხელისუფლება, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დააკნინოს და რაც ყველაზე საინტერესოა, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ამ პოსტზე. მთავარია, რომ სახელმწიფოში არ იყოს კონტროლისა და ბალანსის არც ერთი მექანიზმი, რომ არც ერთმა თანამდებობის პირმა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამტკიცებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ეს ქალბატონი აირჩიეს, რასაც ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით, მაგრამ ამ ადამიანსაც კი აყენებენ შეურაცხყოფას, დასაწყისშივე ადებენ არტახებს და პირში ჩვარს უჩურთავენ, რომ არ გაბედოს და ხმა არ ამოიღოს”, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება, დაახლოებით, 4 მილიონი ლარით მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი უქმდება.