საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: არც ერთ ვიგინდარას არ ვათქმევინებთ, რომ ჩვენს მშობლიურ მიწაზე ჩვენ ომი დავიწყეთ

არც ერთ ვიგინდარას არ ვათქმევინებთ, რომ ჩვენს მშობლიურ მიწაზე ჩვენ ომი დავიწყეთ, განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ გორში, სადაც იგი მხარდამჭერებს შეხვდა.

ვაშაძემ მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაერთიანებული ოპოზიციისთვის ნდობის გამოცხადების გამო, მადლობა გადაუხადა.

„რაც არ უნდა ეცადოს დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც პოლიტიკური ბრძოლისთვის იმასაც კი არ ერიდება, რომ სახელმწიფო გადააყოლოს თავის პოლიტიკურ ინტერესებს, ის ვერსად ვერ მიაღწევს იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ან საერთაშორისო სამართალმა საქართველო აღიაროს 2008 წლის რუსეთს-საქართველოს ომის დამწყებად. ამ დღეს ვერ მოესწრებიან”, განაცხადა ვაშაძემ.