საქართველო

გიორგი ქობულია: საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად შემოგვაქვს, რათა მათ ფინანსებზე წვდომა ჰქონდეთ

საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესით დაინტერესებული ადამიანების ინფორმირებას პროგრამის ფარგლებში სესხის აღების პირობების, პროცედურებისა და ეტაპების შესახებ. პირველი საინფორმაციო შეხვედრა დღეს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, საქართველოს სავაჭრო – სამრეწველო პალატისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი კომპანიების წარმომადგენლებთან გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, საქართველოს სავაჭრო – სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ

„დღეიდან ვიწყებთ სემინარებისა და ვორქშოპების სერიას, რომლითაც გვსურს, ბიზნესით დაინტერესებულ პირებს განვუმარტოთ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის პრინციპები. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს დასახმარებლად, რომ მათ ჰქონდეთ წვდომა ფინანსებზე, რაც დღეს ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაუდგება თავდებში იმ ბიზნესს, ვისაც არ აქვს საკმარისი უზრუნველყოფა, რომ აიღოს სესხი. წელს პროგრამისთვის 20 მილიონი ლარია ბიუჯეტში გათვალისწინებული, რომელიც, იმედი გვაქვს, მოგვცემს საშუალებას, რომ ბანკებმა დამატებით გასცენ დაახლოებით 250 მილიონამდე სესხი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ქობულიამ მედიის წარმომადგენლებთან.