საქართველო

გიორგი კვირიკაშვილი: თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნა არის სრულიად აბსურდული

საქართველოს პრემიერ მინისტრი იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მოთხოვნას ეხმაურება.

როგორც მთავრობის მეთაური „ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერს, არასამთავრობო სექტორის მიერ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია.

„მინდა, გამოვეხმაურო არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის მოთხოვნას, რომელიც მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობის სანაცვლოდ იუსტიციის მინისტრის გადადგომის პირობას აყენებს.

ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მაქსიმალურად ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას უზრუნველვყოფთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პროცესში საზოგადოების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

იუსტიციის სამინისტრომ კანონის შესაბამისად პროცედურები უკვე დაიწყო.

მიუღებელია, რომ არასამთავრობოების ნაწილი, ულტიმატუმის ენით გვესაუბრება და ცდილობს, ბოიკოტის გამოცხადებით ეჭვქვეშ დააყენოს პროცესის ლეგიტიმაცია. მათ განცხადებებში იკვეთება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა, რაც ასევე სრულიად მიუღებელია. ამიტომ მოვუწოდებ მათ, ნუ გასცდებიან საკუთარი საქმიანობის მანდატს და თუ მათი მიზანი მართლაც პროცესის გამჭვირვალედ წარმართვაა, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ თავიანთ გადაწყვეტილებებს.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნას, ეს არის სრულიად აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებული მოთხოვნა”, ნათქვამია პრემიერ მინისტრის განცხადებაში.