საქართველო

გიორგი გახარიამ თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 40 მოზარდს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უმასპინძლა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 40 მოზარდს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უმასპინძლა.

ღონისძიება სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის და არასამთავრობო ორგანიზაცია “სოლიდარობის ფონდის” თანამშრომლობით განხორციელდა.

გიორგი გახარიამ ბავშვებს ახალი წელი მიულოცა, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მოზარდების უმეტესობამ შინაგან საქმეთა მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, რომ პოლიციელობა სურდა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, აკადემიის ინსტრუქტორები და მართლწესრიგის ოფიცრები, რომლებმაც სტუმრებს დეტალურად გააცნეს ბავშვთა უფლებები და პოლიციელის საქმიანობა.

ვიზიტის ფარგლებში, მოზარდებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები დაათვალიერეს.

შეხვედრის მიზანი იყო არასრულწლოვნებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციელის საქმიანობის გაცნობა, ასევე, მართლწესრიგის საკითხებზე მათი ცნობიერების ამაღლება.