მსოფლიოს ახალი ამბები

გვატემალაში გარდაცვლილთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა

ჯარისკაცები მაშველებთან და მეხანძრეებთან ერთად არიან ჩართული დაკარგულთა ძებნაში მას შემდეგ, რაც კვირას გვატემალაში ამოფრქვეულმა საშინელმა ვულკანმა სოფლები გაანადგურა.

ხელისუფლების ცნობით, გარდაცვლილთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა, დზიანებები აქვს მიღებული ასეულობით ადამიანს. ათასობით ადამიანი კი დროებით თავშესაფრებში არის გადაყვანილი.

დედაქალაქ გვატემალა სიტის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 40 კილომეტრის მოშორებით ამფრქვეულმა ვულკანმა ცაში კლდოვანი მასა ატყორცნა და მიმდებარე ტერიტორია შავი კვამლით და ფერფლით დაფარა, გავარვარებულმა ლავამ კი სოფელებს გადაუარა, სახლები გაანადგურა და შიგნით მყოფი ადამიანები ამოწვა.

ჰაერში ატყორცნილი დიდი რაოდენობის ფერფლის გამო, გვატემალა სიტის „ლა ავრორას“ აეროპორტი დაკეტილი იყო.

პრეზიდენტმა ჯიმი მორალესმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ადგილობრივი ექსპერტების თანახმად, აღნიშნული ამოფრქვევა ყველაზე დიდია 1974 წლის შემდეგ.