ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის სერტიფიცირება ვეღარ გაგრძელდება

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებების გათვალისწინებით, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის სერტიფიცირება ვეღარ გაგრძელდება.

რუსეთ-გერმანიის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა 2021 წლის სექტემბერში დასრულდა, მაგრამ ამ დრომდე არ დაწყებულა მისი ოპერირება.

ამერიკის შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ დღეს გამოაცხადებს, რაც მოსკოვის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას და იქ რუსული სამშვიდობო ძალების განლაგებას უკავშირდება.

რუსეთის წინააღმდეგ „სანქციების სერიოზულ პაკეტს“ ამზადებს დიდი ბრიტანეთიც და წინადადებები დღეს განხილული იქნება მთავრობის საგანგებო შეკრებაზე (Cobra), რომელსაც ბორის ჯონსონი უხელმძღვანელებს.

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მიერ განცხადების გაკეთებამდეც დასავლური მედია წერდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სანქცია „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენს შეეხებოდა. ამ თვის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ბალტიის ზღვის ქვეშ გამავალი 1225 კმ-ის მილსადენი, რომელიც გამიზნულია რუსეთის ბუნებრივი გაზის გერმანიაში ექსპორტის გაორმაგებისთვის, დაიხურებოდა, თუ რუსული ჯარები შეიჭრებოდნენ უკრაინაში. „გპირდებით, რომ ამას შევძლებთ“, – განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს, თუმცა მაშინ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იმავე პრესკონფერენციაზე უფრო ორაზროვანი იყო.

არსებული გეგმის თანახმად, გაზსადენის ექპლუატაციაში შესვლის შემდეგ რუსეთს ევროპის 26 მილიონი მობინადრისთვის უფრო იაფად უნდა მიეწოდებინა ბუნებრივი აირი. „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის მშენებლობას მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა აშშ და დიდი ბრიტანეთი და მიიჩნევდა, რომ ეს ევროპას უფრო დამოკიდებულს გახდიდა რუსეთზე, უკრაინა კი ამას „სახიფათო პოლიტიკურ იარაღს“ უწოდებდა.

უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები

კრემლის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინის ორი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, პუტინმა გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებს უთხრა, რომ მას განზრახული ჰქონდა დონეცკის და ლუგანსკის ტერიტორიების, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება.

რუსული ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობისმყოფელების ეგიდით უნდა განლაგდნენ.

ორშაბათს, სატელევიზიო გამოსვლაში პუტინმა მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ უკრაინას არ აქვს ისტორია, იყოს ნამდვილი სახელმწიფო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინის ტერიტორიის ერთიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაა და უკრაინის საზღვრები დარჩება ისე, როგორც ეს დღესაა, იმის მიუხედავად, თუ რა განცხადებები კეთდება რუსეთში.

მოსკოვის განცხადებით, აჯანყებულების მიერ დაკავებული აღმოსავლეთ უკრაინიდან 60 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა რუსეთში.

ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინაში დარჩენილი დიპლომატები „უსაფრთხოების მიზეზით“ პოლონეთში გადაჰყავს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ უკრაინის დედაქალაქ კიევიდან დასავლეთში მდებარე ქალაქ ლვოვში გადასული დიპლომატები უსაფრთხოები მიზნით, ღამეს პოლონეთში გაათევენ.

ათასობით რუსი ჯარისკაცი რჩება ბელარუსში ერთობლივი წვრთნების ფარგლებში, რომელიც 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ოფიციალურმა მინსკმა წვრთნების გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა, რაც მის დასავლეთ საზღვართან სამხედრო ქმედებების გაზრდით ახსნა. ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათი ჯარების პირვანდელ დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება ახლა დამოკიდებული იქნება იმაზე, გაიყვანს თუ არა ნატოს სამხედრო ალიანსი თავის ჯარებს, რომლებიც ბელარუსის და რუსეთის საზღვრების სიახლოვეს არიან დაბანაკებული.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს. მისი განცხადებით, ხუთშაბათს, ჟენევაში იგი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდება.

მოსკოვს სურს დასავლეთის მყარი გარანტიები იმის შესახებ, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება და არასდროს მიეცემა უკრაინას და სხვა ქვეყნებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საშუალება.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, ლინდა თომას გრინფილდმა რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებას, აღმოსავლეთ უკრაინაში „სამშვიდობო ძალების“ განლაგების თაობაზე, „სისულელე“ უწოდა. უფრო ადრე, ანალოგიური სიტყვით – „სისულელე“ – შეაფასა რუსეთის გადაწყვეტილება ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა.

აშშ-ის ელჩმა გაეროში, უშიშროების საბჭოს საგანგებო შეკრებაზე, დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება – აღმოსავლეთ უკრაინაში აჯანყებულების მიერ 2014 წელს დაკავებული ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების თაობაზე და გააფრთხილა მოსკოვი, რომ შედეგები უკიდურესად საზარელი იქნება როგორც უკრაინაში, ისე ევროპასა და მთელ მსოფლიოში.

guardian.ge