საქართველო

გარდაიცვალა აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე

91 წლის ასაკში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ავრცელებს.

„ბატონი თამაზი ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი და სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს. ალბათ, შორს წაგვიყვანს ბატონი თამაზის დამსახურებების, რეგალიებისა თუ ენათმეცნიერების სფეროში დღეს უკვე მთელ მსოფლიოში კლასიკურად აღიარებული ფუნდამენტური ნაშრომების ჩამოთვლა.

ბატონი თამაზი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, უკანასკნელ წლებში კი – საპატიო პრეზიდენტი, არაერთი დასავლური წამყვანი უნივერსიტეტისა საპატიო პროფესორი და დოქტორი, უცხოეთის მრავალი სამეცნიერო საზოგადოების წევრი, ევროპის ლინგვისტთა ასოციაციის პრეზიდენტი და სხვ.; მინიჭებული ჰქონდა არაერთი პრესტიჟული სამეცნიერო ჯილდო თუ პრემია.

უპირობოდ შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ცნობილი და დაფასებული ქართველი მეცნიერი. ბატონი თამაზი ასევე ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით, ჩართული იყო ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; იყო ქართველ მეცნიერთა მრავალი თაობის აღმზრდელი, გულისხმიერი ხელმძღვანელი და შესანიშნავი კოლეგა.

ბატონი თამაზის გარდაცვალება უმძიმესი და აუნაზღაურებელი დანაკლისია როგორც ქართული მეცნიერებისთვის, ისე მთლიანად საქართველოსთვის. გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ღრმა მწუხარებას გამოთქვას აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს“, – ნათქვამია აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.