საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების აღდგენისთვის გამოცხადებული ტენდერები ჩაიშალა

გარდაბნის მერიის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან საბავშვო ბაღებისთვის გამოყოფილი 4 585 700 ლარიდან თითქმის ნახევარი, დაახლოებით, 2 158 460 ლარი მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების აღდგენას მოხმარდება.

როგორც „ბიზნესკონტინენტს“  გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის მოადგილემ, ლევან ჩადუნელმა განუცხადა, სამ ნაწილად გამოცხადებული შედეგების მიხედვით, ტენდერები ჩაიშალა და ამის მიზეზი ორ შემთხვევაში კომპანიების მიერ სათანადო დოკუმენტაციის არქონა გახდა, ხოლო მესამე შემთხვევაში კი ორჯერ გამოცხადებული ტენდერი ორივეჯერ იმის გამო ჩაიშალა, რომ მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

„ტენდერის პირველ ნაწილში შედის გამარჯვების #2, მარტყოფის #1, მარტყოფის #2, ახალი სამგორის, სართიჭალის #1 და #2 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, გამოყოფილია 1 071 660 ლარი. აღნიშნული ტენდერი გამოცხადდა 26 მარტს და 18 აპრილს დასრულდა, თუმცა ეს ტენდერი ჩაიშალა და გამოცხადდება თავიდან. თავდაპირველ ტენდერში გაიმარჯვა ერთ-ერთმა ფირმამ, შემდეგ კი სათანადო საბუთები ვერ წარმოადგინა და მიეცა დისკვალიფიკაცია.

„მეორე ნაწილის მიხედვით, საცხენისში, ახალსოფელში, ნორიოში, კრწანისში, ზემო და ქვემო თელეთში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის 787 500 ლარია გამოყოფილი. ტენდერი გამოცხადდა 28 მარტს და დასრულდა 19 აპრილს. ეს ტენდერიც ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ ვერც აქ წარმოადგინა საბუთები და ისიც დისკვალიფიცირებული იქნა.

„მესამე ნაწილი – გარდაბნის პირველ, მე-2, მე-3 მე-4 და მე-5 საბავშვო ბაღების, ასევე სოფელ მზიანეთსა და სოფელ ლემშვანიერას პირველ და მე-2 საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ითვალისწინებს. გამოყოფილია 999 300. ტენდერი დაიწყო 28 მარტს და 23 აპრილს დასრულდა. ეს ტენდერი ერთხელ ჩაიშალა, 23 აპრილს უნდა ყოფილიყო შედეგი, ტენდერში არ მიიღო არავინ მონაწილეობა, ასე რომ ტენდერი არ შედგა. იგივე დღესვე გამოცხადდა ისევ ტენდერი, დღეს უნდა ყოფილიყო შედეგი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არავინ მიიღო მონაწილეობა ტენდერში“, უთხრა „ბიზენსკონტინენტს“ ლევან ჩადუნელმა.