საქართველო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა

7 ივნისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარის – ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, სადაც დეპუტატებმა „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ შესახებ იმსჯელეს და ხმათა უმრავლესობით დადებითად გადაწყვიტეს.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №554 განკარგულების თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო 429 000 ლარი, რომლითაც რეაბილიტირდება სოფელ ლემშვანიერას, სააკაძის, ვაზიანის, ახალსოფლის, მუხროვანის, საცხენისის, თელეთის და ახალი სამგორის ამბულატორიები.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერებში გამოვლენილმა ეკონომიამ შეადგინა 299 600 ლარი, აქედან 250 000 ლარი მოხმარდება ქალაქ გარდაბანში სკვერის მოწყობას, ხოლო 25 000 ლარით გაიზრდება სოციალური დაფინანსება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით (24 600 ლარი) და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №557 განკარგულებით გამოყოფილი 285 000 ლარით სოფელ მარტყოფში ჩატარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, სოფელ კრწანისში (მთისძირი) გაიწმინდება არსებული არხი და რკინაბეტონისა და გრუნტის არხები (სოფელი კრწანისი).