ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

„ბრიტანეთის ავიახაზების“ 36 000 თანამშრომელი დროებით უმუშევარი რჩება

მოელიან, რომ „ბრიტანეთის ავიახაზები“ თავის დაახლოებით 36,000 თანამშრომელს სამუშაო კონტრაქტებს დროებით შეუჩერებს. „ბრიტანეთის ავიახაზებს“, ისევე როგორც მსოფლიოს არაერთ წამყვან ავიახაზებს კორონავირუსის პანდემიამ მძლავრი დარტყმა მიაყენა და უკვე ერთ კვირაზე მეტია რაც გაერთიანებულ პროფკავშირებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. მხარეებმა ფართო შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, მაგრამ დოკუმენტის საბოლოო ხელმოწერამდე გარკვეული დეტალები უნდა დაზუსტდეს.

BBC–ის ცნობით, შეთანხმება გულისხმობს „ბრიტანეთის ავიახაზების“თანამშრომლების 80%–მდე  – ეკიპაჟის წევრების, ინჟინრების და სათაო ოფისში დასაქმებულების სამუშაო ადგილების დროებით შეჩერებას, თუმცა არ მოელიან, რომ სამსახურიდან რომელიმე თანამშრომელი გაათავისუფლონ.

გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს გატვიკის და ლონდონ სიტის აეროპორტების ყველა თანამშრომელზე იმ დრომდე, ვიდრე ავიაკომპანია თავის ოპერირებას განაახლებს. ეს კი კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის ამოწურვის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ „ბრიტანეთის ავიახაზების“ ათეულობით ათასი თანამშრომელი დროებით უმუშევარი რჩება, ისინი ხელფასის გარკვეულ ოდენობას მაინც მიიღებენ. ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის კრიზისის გამო შედგენილი სქემის მიხედვით, იმ დასაქმებულებს, რომლებიც დროებით უმუშევრები დარჩნენ, თვეში თავიანთი ხელფასების 80%–ს, მაქსიმუმ  £2,500 ფუნტ სტერლინგს (2 აპრილის ოფიციალური კურსით 10,031.75 ლარი) გადაუხდიან.

როგორც BBC იტყობინება, „ბრიტანეთის ავიახაზებსა“ და გაერთიანებულ პროფკავშირებს შორის შეუთანხმებლობის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ისიცაა, რომ პროფკავშირები ავიაკომპანიას აღნიშნულ თანხაზე – £2,500 ფუნტ სტერლინგზე მეტის გადახდის მოთხოვნას უყენებს. „ბრიტანეთის ავიახაზებმა“ უკვე მიაღწია ცალკე შეთანხმების დადებას თავის მფრინავებთან, რომლებიც 2 თვის განმავლობაში 50%–ით ნაკლებ ხელფასს მიიღებენ.

„ბრიტანეთის ავიახაზების“ შვილობილი კომპანია, „საერთაშორისო ავიახაზების ჯგუფი“ (International Airlines Group (IAG), უფრო უკეთეს ფინანსურ პირობებში იმყოფება, ვიდრე მისი ზოგიერთი კონკურენტი. ჯგუფმა ბოლო წლებში საკმაო მოგება ნახა.

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია მოელის, რომ მომდევნო სამ თვეში ავიაკომპანიები $40 მილიარდამდე დოლარს დაკარგავს.

თვითმფრინავებით გადაადგილებაზე მოთხოვნა დრამატულად დაეცა და უკვე მსოფლიოში 2 მილიონზე მეტი რეისია გაუქმებული. საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის გათვლებით, საავიაციო ინდუსტრია 2020 წელს 252 მილიარდ აშშ დოლარს დაკარგავს.

GUARDIAN.GE