ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ „დღე და ღამე“ იმუშავებს, რათა ამომრჩევლების ნდობა გაამართლოს

დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „კონსერვატიული პარტიის“ „ისტორიული“ გამარჯვების შემდეგ ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ „დღე და ღამე“ იმუშავებს, რათა ამომრჩევლებს მათდამი გამოცხადებული ნდობა გაუმართლოს.

ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ადგილის გამოცხადებაღაა დარჩენილი და „ტორებს“ თემთა პალატაში 76 ადგილით მეტი აქვთ მიღებული ვიდრე უმრავლესობისთვის არის საჭირო, ჯამში 364 სადეპუტატო მანდატი, „ლეიბორისტებს“ 203, „შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას“ (SNP) 48, „ლიბერალ-დემოკრატებს“ 11, ირლანდიურ „დემოკრატიულ უნიონისტურ პარტიას“ (DUP-ს) 8. ირლანდიურ „Sinn Fein“-ს 7, უელსის „Plaid Cymru“-ს 4, ჩრდილოეთ ირლანდიის სოციალ-დემოკრატიულ და ლეიბორისტულ პარტიას“ (SDLP) 2, „მწვანეთა პარტიას“ და „ალიანსის პარტიას“ თითო თითო. „ბრექსიტის პარტია“ კი, რომელმაც ზაფხულის ევროპარლამენტის არჩევნებში ტრიუმფალურად გაიმარჯვა, წარუმატებელი აღმოჩნდა და უესტმინისტერში ერთი ადგილიც კი ვერ მიიღო.

თემთა პალატაში „კონსერვატორების“ მიერ მოპოვებული მანდატები ყველაზე ბევრია მას შემდეგ, რაც მარგარეტ ტეტჩერმა 1987 წელს საპარლამენტო არჩევნებში მესამე ვადით გაიმარჯვა.

ლონდონში საუბრისას პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მას გააჩნია მანდატი, რომ მომავალ თვეს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე გამოიყვანოს.

ტრადიციულ საარჩევნო ოლქებში დამარცხების შემდეგ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, ჯერემი კორბინმა განაცხადა, რომ იგი არ იბრძოლებს შემდეგ არჩევნებზე, როგორც პარტიის ლიდერი.

guardian.ge