ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ბორის ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავისი კანდიდატურის წამოყენებაზე უარი განაცხადა

ბორის ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლიზ ტრასის შემცვლელად თავისი კანდიდატურის წამოყენებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მიუხედავად საკმარისი მხარდაჭერისა, გადაწყვიტა, რომ მისი კენჭისყრა მართებული არ იქნება.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ მან 102 მხარდამჭერით გადალახა ნომინაციების მაღალი ბარიერი, თუმცა, როგორც BBC იუწყება, საჯაროდ ეს, მხოლოდ 57-მა დეპუტატმა გააკეთა. მისი თქმით, იგი „კარგ მდგომარეობაში იქნებოდა“ მომავალ საყოველთაო არჩევნებში გამარჯვებისთვის, მაგრამ ახლა „არ არის შესაფერისი დრო“.

რიში სუნაკმა, ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, რომელმაც მმართველი „კონსერვატიული პარტიის“ 100-ზე მეტი დეპუტატის მხარდაჭერის ბარიერი გადალახა და ახლა პრემიერ მინისტრობის ფავორიტ კანდიდატად არის მიჩნეული, პატივისცემა გამოხატა ჯონსონისადმი და თქვა, რომ „ჩვენ ყოველთვის მადლიერი ვიქნებით” კოვიდპანდემიისა და უკრაინის ომის დროს მისი ქმედებებისთვის.

ლიზ ტრასის გადადგომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლაში ჩართვაზე ყველაზე პირველმა პენი მორდანტმა განაცხადა, მაგრამ მას საჭირო, სულ მცირე 100 დეპუტატის მხარდაჭერა ჯერ არ აქვს მოპოვებული და ამისათვის ბოლო ვადა ორშაბათი – 14:00 საათია.

ბრიტანეთმა ახალი პრემიერ-მინისტრი კვირის ბოლომდე, 29 ოქტომბრამდე უნდა აირჩიოს.

„ლეიბორისტების“ ლიდერმა სერ კირ სტარმერმა კი ისევ გაიმეორა თავისი მოწოდება საყოველთაო არჩევნების შესახებ და დასძინა, რომ „კონსერვატორების“ „ნებისმიერ მომავალ მთავრობას არეულობა ექნება“.

guardian.ge