ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ბორის ჯონსონი: რუსეთი გეგმავს „ყველაზე დიდ ომს ევროპაში, 1945 წლის შემდეგ“

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, არსებობს სამხილები იმის თაობაზე, რომ რუსეთი გეგმავს „ყველაზე დიდ ომს ევროპაში, 1945 წლის შემდეგ“. როგორც მან BBC-ის განუცხადა, „ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ გეგმის განხორციელება გარკვეულწილად დაწყებულია“. ჯონსონმა, სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის მსგავსად თქვა, რომ რუსეთს განზრახული აქვს უკრაინაში შეჭრა და მისი დედაქალაქის, კიევის ალყაში მოქცევა.

„უნდა გვესმოდეს, ადამიანების სიცოცხლის მხრივ რა საფასური შეიძლება იქნეს გადახდილი ამით“, – განცხადა მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე მყოფმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და დაამატა, რომ ეს არა მხოლოდ უკრაინელების არამედ „ახალგაზრდა რუსების“ სიცოცხლის პოტენციური დაკარგვის თვალსაზრისით უნდა იყოს აღქმული.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დასავლელ ლიდერებს სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით უთხრა, რომ რუსული სამხედრო ძალები უკრაინაში არა მხოლოდ აღმოსავლეთიდან, დონბასის გავლით, არამედ ბელარუსიდან და კიევის მიმდებარე ტერიტორიიდანაც აპირებენ შესვლას. „ვშიშობ, რომ გეგმა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რაც შეიძლება მართლაც იყოს ყველაზე დიდი ომი ევროპაში 1945 წლის შემდეგ, მხოლოდ ფართო მასშტაბის თვალსაზრისით”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პარასკევს, 18 თებერვალს, განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გადაწყვეტილი აქვს უკრაინაში შეჭრა და თავდასხმა შესაძლოა „მომავალ დღეებში“ მოხდეს. ბაიდენის თქმით, შეფასება აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციაზეა დაფუძნებული და სამიზნე, ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. შეერთებული შტატების განცხადებით, უკრაინის საზღვართან და უკრაინაში 169 000-დან 190 000-ამდე რუსი სამხედრო პირია განლაგებული და ეს რაოდენობა აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის თვითმგამოცხადებულ რესპუბლიკებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მებრძოლებსაც მოიცავს.

თეთრი სახლიდან გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს „მიზეზი სჯეროდეს“, რომ რუსეთის სამხედრო შეიარაღებულ ძალებს „განზრახული აქვთ უკრაინაზე თავდასხმა მომავალ კვირებში, მომავალ დღეებში“. „მე დარმწუნებული ვარ, რომ მას [ვლადიმერ პუტინს] გადაწყვეტილება მიღებული აქვს“, – თქვა ბაიდენმა.

დაძაბულობის ზრდის ერთ-ერთი ნიშანი ისიცაა, რომ ორი სეპარატისტული ოლქის ლიდერებმა მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ გამოაცხადეს და აღნიშნეს, რომ უკრაინამ გააძლიერა დაბომბვები და გეგმავს თავდასხმას. უკრაინამ კი უკვე მერამდენედ განაცხადა, რომ თავდასხმას არ გეგმავს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ამას „რუსული დეზინფორმაცია“ უწოდა.

კრემლის განცხადებით, პრეზიდენტმა პუტინმა საზღვრის სიახლოვეს ლტოლვილთა ბანაკების გაშლის ბრძანება გასცა, რომ „გადაუდებელი დახმარება“ გაეწიოს სეპარატისტული რეგიონებიდან ჩასულ ადამიანებს. რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, რამდენიმე ავტობუსით ადგილობრივები რუსეთში გადაიყვანეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევაკუაციის გამოცხადებას მოსკოვის მიერ გადადგმული „ცინიკური“ ნაბიჯი უწოდა, რომლის მიზანიცაა „მსოფლიოს მოწყვეტა იმ ფაქტისგან, რომ რუსეთი აძლიერებს თავის ძალებს თავდასხმის მოსამზადებლად“. თეთრი სახლის განცხადებით, ევაკუაცია იმის მაგალითია, რომ მოსკოვმა დეზინფორმაცია ომის საბაბად გამოიყენოს.

2014 წლის შემდეგ, რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში შეიარაღებულ აჯანყებულებს უჭერს მხარს. ბრძოლებში დაახლოებით 14 000 ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა.

პუტინმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა უარესდება. პრესკონფერენციაზე მან დაუსაბუთებელი ბრალდებები წამოაყენა იმის შესახებ, რომ იქ „ადამიანის უფლებების მასობრივ და სისტემატურ დარღვევებს“ და „რუსულად მოსაუბრე მოსახლეობის დისკრიმინაციას“ აქვს ადგილი.

პუტინმა აღნიშნა, რომ იგი კვლავ მზად არის კრიზისი დასავლელ ლიდერებთან განიხილოს, მაგრამ ისინი რუსეთის უსაფრთხოების იგნორირებაში დაადანაშაულა და გააფრთხილა, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს იურიდიულად სავალდებულო დაპირებას, რომ NATO-ს სამხედრო ალიანსი შეაჩერებს აღმოსავლეთით გაფართოებას.

guardian.ge