აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელში ახლად ფორმირებული კოალიციის წინააღმდეგ გაილაშქრა და მოუწოდა ქნესეთის მემარჯვენე წევრებს, დაბლოკონ კოალიცია

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელში ახალი კოალიციის შესახებ მიღწეული შეთანხმების წინააღმდეგ გაილაშქრა და მოუწოდა ქნესეთის, (ისრაელის პარლამენტის) მემარჯვენე ფრთის წევრებს, დაბლოკონ კოალიცია და არ მისცენ მთავრობის ფორმირების საშუალება.

9 ოპოზიციური პარტია შეთანხმდა, რომ ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა, რაც ნეთანიაჰუს 12-წლიან პრემიერ მინისტრობას დაასრულებს, თუკი ეს შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდება, რადგან, როგორც BBC იუწყება, ამ ჯგუფს, ისრაელის პოლიტიკური სპექტრიდან, ჯერ კიდევ სჭირდება საპარლამენტო მხარდაჭერა ოფისის დასაკავებლად.

ნეთანიაჰუმ ახალი კოალიციის სათავეებთან მდგომებს, „თვითერზე“ „მემარცხენე ფრთის სახიფათო“ ძალა უწოდა.

კოალიციას, რომელიც იაირ ლაპიდის, ცენტრისტული „იეშ ატიდის“ პარტიის ლიდერის მიერ იქნა ფორმირებული, საპარლამენტო კენჭისყრით დამტკიცება ესაჭიროება, ვიდრე ფიცს დადებს. უცნობია, რა დრო დასჭირდება ამას და ჯერ კიდევ არის იმის შესაძლებლობა, რომ ახლად ფორმირებული ალიანსი არამდგრადი აღმოჩნდეს და დაიშალოს.

ლაპიდმა, რომლის პარტიაც მეორე ადგილზე გავიდა მარტში გამართულ არჩევნებზე – რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში რიგით მეოთხე საპარლამენტო არჩევნები იყო – აღთქმა დადო, რომ ჩამოაყალიბებს ისეთ მთავრობას, რომელიც „ისრაელის ყველა მოქალაქის სამსახურში იდგება, პატივს სცემს თავის ოპონენტებს და ყველაფერს გააკეთებს, თავისი ძალაუფლების ფარგლებში, იმისათვის, რომ გააერთიანოს და შეაკავშიროს ისრაელის საზოგადოების ყველა მხარე“.

ამის მიუხედავად, ლაპიდი დაუყოვნებლივ არ გახდება პრემიერ მინისტრი. როტაციის შეთანხმების მიხედვით, პირველი ორი წლის განმავლობაში ქვეყნის პრემიერი მემარჯვენე ფრთის „იამინა პარტიის“ ლიდერი ნაფტალი ბენეტი იქნება, რომელიც ლაპიდს ძალაუფლებას 2023 წლის აგვისტოში გადასცემს.

პირველად, ათწლეულების განმავლობაში, მთავრობაში წარმოდგენილი იქნება ისრაელის „არაბული პარტია“.

GUARDIAN.GE