აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო

ისრაელში სექტემბერში გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სადაც ხელისუფლების სათავეში ათეული წლის განმავლობაში მყოფმა პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მისმა პარტიამ ქვეყნის 120-კაციან პარლამენტში (ქნესეთში) უმრავლესობა ვერ მოიპოვა და შესაბამისად, მკაფიო გამარჯვებულიც ვერ გამოვლინდა, პრემიერმა განაცხადა, რომ არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, მას არ შეუძლია მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭირო 61 კანონმდებლის მხარდაჭერის მოპოვება, რითაც გზა მის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, ბენი განცს გაეხსნა და ახლა მისი „ცისფერი და თეთრი პარტია“ შეეცდება მთავრობის ფორმირებას.

ნეთანიაჰუს მცდელობა განცის პარტია მთავრობის დაკომპლექტებაში ჩაერთო, წარუმატებელი აღმოჩნდა.

ისრაელის პრეზიდენტმა, რუვენ რივლინმა განაცხადა, რომ განცს 28 დღეს აძლევს განახორციელოს მოლაპარაკებები მთავრობის ფორმირების თაობაზე და დაამატა, რომ იგი შეეცდება თავიდან აირიდოს მორიგი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ქვეყანაში, სადაც მიმდინარე წელს უკვე ორჯერ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. თუკი განცის მცდელობაც მთავრობის ჩამოყალიბების თაობაზე წარუმატებელი აღმოჩნდა, პარლამენტი მესამე კანდიდატს მისცემს საშუალებას მთავრობის დასაკომპლექტებლად, რათა მორიგი რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საჭიროება არ დადგეს დღის წესრიგში.

სექტემბრის რიგგარეშე არჩევნებში ნეთანიაჰუს „ლიკუდის პარტიამ“ ქნესეთში 32 ადგილი მიიღო, განცის „ცისფერმა და თეთრმა პარტიამ“ კი 33. პრეზიდენტმა რივლინმა მოქმედი პრემიერი შეარჩია კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის, რადგან მას გააჩნდა საუკეთესო შანსი წარმატებით ჩამოეყალიბებინა კოალიცია.

guardian.ge