მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ოფიციალურად აღიარა, როგორც გენოციდი

„ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს ყველა იმ სომეხს, რომელიც 106 წლის წინ დაწყებულ გენოციდს ემსხვერპლა“, – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ოფიციალურად აღიარა, როგორც გენოციდი, რითაც ამერიკის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც ასეთი შეფასება მისცა საუკუნის წინათ მომხდარს, რაც შესაძლოა, აშშ-თურქეთის ურთიერთობების გაუარესების საწინდარი გახდეს.

ოსმალეთის იმპერიაში 1915-1923 წლებში ჩადენილ სომეხთა მასობრივი მკვლელობის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა.

„ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც ოსმალეთის ეპოქაში სომხების გენოციდის დროს დაიღუპა და ვიღებთ ვალდებულებას, რომ მომავალში თავიდან ავიცილებთ მსგავსი სისასტიკის განმეორებას. 1915 წლის 24 აპრილიდან დაიწყო სომეხი ინტელიგენციისა და საზოგადოებრივი ლიდერების დაკავება. ოსმალეთის ხელისუფლების მიერ მილიონნახევარი სომეხი დეპორტირებული და მოკლული იქნა, მათ კი, ვინც გადარჩა, იძულებული გახდნენ, ახალი სახლი და საცხოვრებელი ეპოვათ მსოფლიოში, მათ შორის შეერთებულ შტატებში. ათწლეულების განმავლობაში, სომეხმა იმიგრანტებმა მრავალგზის გაამდიდრეს შეერთებული შტატები, თუმცა ჩვენ არ დაგვიწყებია ტრაგიკული ისტორია, რომელიც მათმა წინაპრებმა ჩვენს ნაპირებთან მოიტანეს. პატივს მივაგებთ მათ, ვხედავთ მათ ტკივილს და ვადასტურებთ ისტორიას. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ დადანაშაულებისთვის, არამედ ვაკეთებთ იმის გამო, რომ ეს აღარასდროს განმეორდეს.

ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს ყველა იმ სომეხს, რომელიც 106 წლის წინ დაწყებულ გენოციდს ემსხვერპლა“, – განაცხადა ბაიდენმა.

ოფიციალურ ანკარას მწვავე რეაქცია ჰქონდა ბაიდენის განცხადებაზე.

თურქეთი სრულად უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც მხოლოდ პოპულიზმს ეფუძნება, – ასე გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებას.

„თურქეთს არავისგან აქვს არაფერი სასწავლებელი საკუთარი წარსული შესახებ“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ბაიდენს არ აქვს არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება განსაჯოს ისტორია და მის განცხადებას ღირებულება არ გააჩნია.

GUARDIAN.GE