მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ბაიდენის განცხადებით, იგი ფიქრობს, რომ პუტინი უკრაინაში „ინტერვენციას“ მოახდენს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, იგი ფიქრობს, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი „ინტერვენციას“ მოახდენს უკრაინაში, მაგრამ მას არ სურს „სრულმასშტაბიანი ომი“. პრესკონფერენციაზე, რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ ბაიდენმა თქვა: „ჩემი ვარაუდით, ის მოახდენს ინტერვენციას, მან რაღაც უნდა გააკეთოს“. მაგრამ აშშ-ის ლიდერმა გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი, რომ იგი „სერიოზულ და ძვირ ფასს“ გადაიხდის დასავლეთის „გამოცდისთვის“.

მოსკოვი, რომელსაც უკრაინის საზღვრის სიახლოვეს დაახლოებით 100 000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული, უკრაინაზე თავდასხმის შესაძლებლობას უარყოფს.

მას შემდეგ, რაც ბაიდენს პრესკონფერენციაზე მისი კომენტარის დაზუსტების მიზნით ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს – დაუშვებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის უკრაინაში მცირე შეჭრას, თეთრი სახლმა განცხადება გაავრცელეს. პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ თქვა: „თუკი რუსეთის რომელიმე სამხედრო ძალა გადალახავს უკრაინის საზღვარს, ეს იქნება განახლებული შეჭრა და მას სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი მოჰყვება შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეების მხრიდან“.

პუტინის განზრახვების შესახებ შეკითხვის საპასუხოდ ბაიდენმა თქვა: „ვფიქრობ თუ არა, რომ ის გამოცდის დასავლეთს? გამოცდის შეერთებულ შტატებს და ნატოს, რამდენადაც ეს მას შეუძლია? დიახ, ის გამოცდის, მაგრამ ვფიქრობ, იგი გადაიხდის სერიოზულ და ძვირ ფასს ამისათვის“.

„მას არასოდეს უნახავს იმის მსგავსი სანქციები, რომელსაც მე შევპირდი და რომელიც დაუწესდება, თუკი ის შეიჭრება“, – განაცხადა ბაიდენმა და დაამატა, რომ დასჯის ზუსტი დონე დამოკიდებული იქნება ნებისმიერი შეჭრის მასშტაბზე.

ბაიდენმა ასევე თქვა, რომ აშშ ღია რჩება რუსეთთან საკითხების განხილვისთვის და აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრა ჯერ კიდევ „შესაძლებელია“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, კიევში ვიზიტისა და ბერლინში ევროპელ მოკავშირეებთან მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ჟენევაში პარასკევს უნდა შეხვდეს.

guardian.ge