მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს და ქვეყნიდან დიპლომატების გაძევებასაც გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა სახის სანქციებს ამზადებს და ეს იქნება ამერიკაზე კიბერ თავდასხმების, მათ შორის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სავარაუდო ჩარევის საპასუხო ნაბიჯი.

როგორც BBC იუწყება, სანქციები ხუთშაბათს გამოცხადდება და შეეხება 30-ზე მეტ რუსულ ორგანიზაციას და სულ მცირე 10 პირს, რომელსაც ამერიკიდან გააძევებენ და მათ შორის, გავრცელებული ცნობებით, იქნებიან დიპლომატებიც.

ვარაუდობენ, რომ სანქციების დაწესება აშშ-რუსეთის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს კიდევ უფრო მეტად გაართულებს.

სამშაბათს, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ „მტკიცედ იმოქმედებს“ თავისი ეროვნული ინტერესების დასაცავად.

ბაიდენმა ასევე, პუტინთან „მესამე ქვეყანაში“ შეხვედრის წინადადება წამოაყენა, რაც საშუალებას მისცემს ლიდერებს მონახონ ის სფეროები, სადაც ერთობლივად იმუშავებენ.

უფრო ადრე, სატელევიზიო ინტერვიუში, ბაიდენმა პუტინს „მკვლელი“ უწოდა. შეკითხვაზე ფიქრობს თუ არა, რომ პუტინი „მკვლელია“, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ის „ასე ფიქრობს“.

GUARDIAN.GE