აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა მასობრივი საჰაერო დარტყმები განახორციელეს ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის ყუდსის ძალების წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში

GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ძალებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს ერაყსა და სირიაში ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის (IRGC) ყუდსის ძალებისა და მასთან დაკავშირებული მილიციური ჯგუფების წინააღმდეგ.  ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა იტყობინება.

აშშ-ის დარტყმები საპასუხო ნაბიჯი იყო 28 იანვარს ჩრდილო-დასავლეთ იორდანიაში მდებარე აშშ-ის ბაზაზე უპილოტო თვითმფრინავით განხორციელებული თავდასხმისა, რომელმაც სამი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.

თავდასხმიდან მალევე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდასხმა „ირანის მიერ მხარდაჭერილი რადიკალური მებრძოლი ჯგუფების მიერ“ განხორციელდა. „ჩვენ ვუპასუხებთ“, – დაამატა ბაიდენმა.

აშშ-ის სამხედრო ძალებმა 85-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს თვითმფრინავებით, მათ შორის შეერთებული შტატებიდან აფრენილი შორი მანძილის ბომბდამშენებით. საჰაერო თავდასხმებში 125-ზე მეტი ზუსტი საბრძოლო მასალა გამოიყენეს.

„დარტყმის ობიექტები მოიცავდა მართვის და კონტროლის საოპერაციო ცენტრებს, სადაზვერვო ცენტრებს, რაკეტებსა და უპილოტო საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების საწყობებს, მილიციური ჯგუფების ლოგისტიკური და საბრძოლო მასალების მიწოდების ქსელის ობიექტებს და მათ ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის სპონსორებს, რომლებიც ხელს უწყობდნენ აშშ-სა და კოალიციის ძალების წინააღმდეგ თავდასხმებს“, – ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.