მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ კოლორადოს შტატს არ შეუძლია დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალოს

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ, ამბოხების საწინააღმდეგო კონსტიტუციური მუხლის გამოყენებით, ცალკეული შტატების მცდელობები, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატობიდან დისკვალიფიცირებული ყოფილიყო, გააუქმა. ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტულად კოლორადოს შტატს ეხება, მაგრამ ის სხვა შტატებში წამოყენებულ საჩივრებსაც გულისხმობს.

კოლორადოს სასამართლომ ტრამპს „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერში მონაწილეობა აუკრძალა იმის მტკიცებით, რომ მან 2021 წელს კაპიტოლიუმის ბუნტს შეუწყო ხელი, თუმცა უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მხოლოდ კონგრესს აქვს ამის უფლებამოსილება და არა შტატებს. უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება ტრამპს გზას უხსნის კოლორადოს პრაიმერში, რომელიც სამშაბათს არის დაგეგმილი.

ორშაბათს, ყოფილმა პრეზიდენტმა გამარჯვება დაუყოვნებლივ გამოაცხადა და თავისი სოციალური მედიის პლატფორმა „Truth-ზე“ აღნიშნული გადაწყვეტილება „ამერიკის დიდ გამარჯვებად“ შეაფასა, რასაც მისი კამპანიის მხარდამჭერებისთვის ფინანსების შეგროვების მიზნით ელექტრონული ფოსტის გაგზავნაც მოჰყვა.

ამის შემდეგ მალევე, ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში მდებარე თავისი მამულიდან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ გადაწყვეტილება „ძალიან კარგად შემუშავებული“ და აშშ-ის გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯია. „თქვენ არ შეგიძლიათ ვინმეს კენჭისყრაში მონაწილეობა აუკრძალოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ოპონენტს ეს ასე მოეწონებოდა“, – დასძინა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი „რესპუბლიკური პარტიის“ გამოკვეთილი საპრეზიდენტო კანდიდატია და, როგორც ჩანს, 2024 წლის ნოემბრის არჩევნებზე მას „დემოკრატ“ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან განმეორებითი შერკინება მოუწევს.

guardiange.com