მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

აშშ-ის სენატში „რესპუბლიკელებმა“ უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტი დაბლოკეს

GUARDIANGE – სენატის „რესპუბლიკელმა“ წევრებმა უკრაინისთვის დახმარების შესახებ კანონპროექტის მიღება დაბლოკეს მას შემდეგ, რაც „დემოკრატებთან“ ვერ მიაღწიეს სასაზღვრო საკითხთან დაკავშირებით კომპრომისებს, რის სანაცვლოდაც აპირებდნენ კანონპროექტის მხარდაჭერას. $110 მილიარდი (295 მილიარდი ლარი) პაკეტი მოიცავდა 61 მილიარდ დოლარს უკრაინისთვის, ასევე ისრაელისთვის და ღაზას დახმარებას.

სენატორებმა 51-49-ის წინააღმდეგ მისცეს ხმა კანონპროექტს, რომლის დასამტკიცებლად 60 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრის ამგვარი შედეგები გაურკვევლობას ქმნის უკრაინის მომავალი დაფინანსების მხრივ და ამერიკელ კანონმდებლებს მოლაპარაკებების მაგიდასთან აბრუნებს იმ ფონზე, როდესაც კონგრესის ზამთრის არდადეგებზე გასვლამდე დღეებია დარჩენილი.

„რესპუბლიკელები“ დაჟინებით ამტკიცებენ, რომ უკრაინის ნებისმიერი დახმარება დაკავშირებული უნდა იყოს აშშ-ის იმიგრაციისა და თავშესაფრის რეფორმებთან.

თეთრმა სახლმა გააფრთხილა სენატორები, რომ აშშ-ის თანხები უკრაინისთვის შესაძლოა მალე ამოიწუროს.

ყველა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ხმა მისცა კანონპროექტის წინააღმდეგ, დამოუკიდებელ სენატორ ბერნი სანდერსთან ერთად, რომელმაც კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე აღნიშნა, რომ კანონმდებლობა მილიარდობით დოლარს ითვალისწინებდა ისრაელის სამხედრო დახმარებისთვის.

„არ მჯერა, რომ ჩვენ უნდა გამოვყოთ 10 მილიარდ დოლარზე მეტი ნეთანიაჰუს მემარჯვენე ექსტრემისტული მთავრობისთვის, რათა განაგრძოს თავისი ამჟამინდელი სამხედრო მიდგომა“, – თქვა სანდერსმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმდინარე სამხედრო კამპანიის შესახებ ღაზას სექტორში, რომელმაც ამ დრომდე ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა.

სანდერსმა, რომელიც ნეთანიაჰუს დიდი ხნის კრიტიკოსია, დასძინა: „ის, რასაც ნეთანიაჰუს მთავრობა აკეთებს, არის ამორალური, ეს საერთაშორისო სამართლის ხელყოფაა და შეერთებული შტატები არ უნდა იყოს ამ ქმედებების თანამონაწილე“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა კენჭისყრის გამართვამდე თქვა, რომ ის მზად არის „მნიშვნელოვან კომპრომისებზე წასასვლელად საზღვრის საკითხებზე“, იმისათვის, რომ დახმარების შესახებ კანონპროექტი დამტკიცდეს.

„ეს საკითხი ვეღარ მოითმენს“, – თქვა მან და დასძინა, რომ „რესპუბლიკელები“ კონგრესში მზად არიან პუტინს მისცენ ყველაზე დიდი საჩუქარი, რისი მიღების იმედიც კი შეეძლო რომ მას ჰქონოდა“.

ამის პარალელურად, ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში 175 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს. უკვე დამტკიცებული პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას, მათ შორის რაკეტებს და საარტილერიო ჭურვებს, ასევე „აღჭურვილობას, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეროვნული ინფრასტრუქტურის დასაცავად“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა პრესრელიზში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი, რომლისთვისაც აშშ-ის სოლიდური დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია რუსეთის წინააღმდეგ ომში, ბოლო წუთებში გააუქმა ონლაინ ჩართვა ამერიკელ კანონმდებლებთან, რის შესახებაც სენატორებს სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განუცხადა, დამატებითი დეტალები კი არ მიუწოდებია.