მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჯო ბაიდენმა აღთქმა დადო, რომ „გააერთიანებს“ ქვეყანას

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით გამარჯვების შემდეგ „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა აღთქმა დადო, რომ „გააერთიანებს“ ქვეყანას. ბაიდენმა პენსილვანიასა და ნევადაში გამარჯვების შემდეგ საარჩევნო კოლეგიაში გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმაზე მეტი მიიღო, რამაც მისი პრეზიდენტად არჩევა უზრუნველყო, თუმცა მოქმედი „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დათმობას არ აპირებს. მას ახალი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა წინა განცხადებებიდან მკაფიოა, რომ იგი ბრძოლის გაგრძელებას სასამართლოში გეგმავს, რადგან მიიჩნევს, რომ არჩევნები „გაყალბდა“.

მანამდე, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ბაიდენი არ გამოეცხადებინა თავი გამარჯვებულად.

„ჯო ბაიდენმა არაკანონიერად არ უნდა განაცხადოს პრეტენზია პრეზიდენტის ოფისზე. მეც ასევე შემიძლია მსგავსი პრეტენზია განვაცხადო. კანონიერი პროცედურები მხოლოდ ახლა იწყება“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.

ფაქტობრივად, ტრამპმა უკვე ორჯერ განაცხადა, რომ მან გაიმარჯვა არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ ხმების დათვლა არ იყო დასრულებული.

„როგორი დიდი უპირატესობა მქონდა ყველა ამ შტატში არჩევნების ღამით, გვიან. დღეების გასვლის შემდეგ კი ეს პირველობა ჯადოსნურად გაუჩინარდა. შესაძლოა, ეს პირველობა დაბრუნდეს, როგორც კი ჩვენი კანონიერი პროცედურები წამოიწყება“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“. 

აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა ბოლო 120 წლის განმავლობაში რეკორდულია და 66.9%-ს შეადგენს.

ბოლო 120 წლის განმავლობაში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველაზე მეტი ამომრჩეველი – 73.7% – 1900 წელს მივიდა. 

პენსილვანიის „რესპუბლიკელი“ სენატორი პეტ ტომი აცხადებს, რომ „არ არსებობს არჩევნების მოპარვის სამხილი“

პენსილვანიის „რესპუბლიკელი“ სენატორი პეტ ტომი ტრამპის პარტიიდან იმ რამდენიმე ადამიანს შორისაა, რომელიც პრეზიდენტის მიერ თეთრ სახლში გაკეთებული იმ განცხადების წინააღმდეგ გამოდის, რომლის მიხედვითაც არჩევნები „მოპარულია“.


„მე ვუყურე პრეზიდენტის სიტყვას გასულ ღამეს და ის ძალიან მძიმე სანახავი იყო“, უთხრა სენატორმა NBC -ის.


„პრეზიდენტის ბრალდებები ფართომასშტაბიან გაყალბებასა და არჩევნების მოპარვაზე არ არის დამტკიცებული. მე აქ რაიმე მნიშვნელოვან კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე ინფორმაცია არ გამაჩნია.


„შეხედეთ, ყოველ არჩევნებზე არის დარღვევები. ისინი ჩვეულებისამებრ ძალიან მცირეა და მოიცავს მხოლოდ ერთ ბღუჯა ბიულეტენებს“, განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, რომელიც პენსიაზე გასვლას 2022 წელს აპირებს.

როგორია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების სისტემა? 

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არა პოპულარული, პირდაპირი გზით მიღებული ამომრჩევლების ხმები, არამედ 538-კაციან საარჩევნო კოლეგიაში მოპოვებული ხმების რაოდენობა განაპირობებს.

შესაძლებელია, რომ კანდიდატმა საარჩევნო კოლეგია მოიგოს, მაგრამ წააგოს პოპულარული ხმები. ასეთი რამ მოხდა 2016 წელს, 2000 წელს და 1800-იან წლებში სამჯერ.

იმ შემთხვევაში თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს საჭირო ხმებს საარჩევნო კოლეგიაში, კენჭისყრა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინაცვლებს. კონგრესმენები პრეზიდენტს სამი წამყვანი კანდიდატიდან ირჩევენ. ვიცე-პრეზიდენტს კი სენატი ირჩევს – ორი კანდიდატიდან.

ასეთი რამ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა, 1824 წელს, როცა წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტად ჯონ ქუინზი ადამსი აირჩია.

GUARDIAN.GE