მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

აშშ-ის მთავრობამ Moderna, როგორც „კოვიდ-19“-ის მეორე ვაქცინა დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ „Moderna“, როგორც „კოვიდ-19“-ის მეორე ვაქცინა დაამტკიცა. მანამდე კი საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA)  გზა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას გაუხსნა, რომელიც უკვე გამოყენებაშია და უკეთდება შტატების მოსახლეობას.

ამერიკამ „მოდერნას“  200 მილიონი დოზის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო და უახლოეს პერიოდში 6 მილიონი დოზის განაწილება მოხდება. აშშ-ს მთელ მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა და სიკვდილიანობა აქვს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, აშშ-ში დაახლოებით 17.5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 313 500 გარდაიცვალა.

რეგულატორების განცხადებით, „მოდერნას“ ვაქცინა უსაფრთხოა და 94%-ით ეფექტურია.

იგი ტრანსპორტირებისას დაახლოებით -20C  ტემპერატურას საჭიროებს, რაც ნორმალურ გაყინვადაა მიჩნეული. აშშ-ის კორპორაცია Pfizer-ის და გერმანიის BioNTech-ის ვაქცინის ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის კი  თითქმის -75C-ია საჭირო, რაც მის ტრანსპორტირებას გაცილებით ართულებს. Pfizer-ის ვაქცინის მსგავსად, Moderna-ს ვაქცინაც მეორე დოზას საჭიროებს, თუმცა Moderna-ს ვაქცინის მეორე დოზა პირველი ინექციიდან 28 დღის შემდეგ გაკეთდება, განსხვავებით Pfizer-ისგან, რომლის მეორე დოზაც 21 დღის შემდეგ უნდა გაკეთდეს.   

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, „მოდერნას“ ვაქცინის დამტკიცების შესახებ ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებამდე „თვითერზე“ დაწერა, რომ ვაქცინა „ძლიერ იქნა მოწონებული“ და მისი მიწოდება „დაუყოვნებლივ დაიწყება“. „გილოცავთ, მოდერნას ვაქცინა ახლა ხელმისაწვდომია“, – დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.

არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რომელმაც ვაქცინა ორშაბათს უნდა გაიკეთოს, განაცხადა, რომ Pfizer-ის და Moderna -ს ვაქცინები „ჩვენი ნათელი ხვალინდელი დღეების უზრუნველმყოფი იქნება“, მაგრამ დაამატა, რომ „კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა“.

GUARDIAN.GE