მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი 1-ელი იანვრის შემდეგ ჰოსპიტალიზებულია

GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ორშაბათიდან ჰოსპიტალიზებულია, მცირე სამედიცინო გეგმური პროცედურის შემდეგ გართულებების გამო, – განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, საჰაერო ძალების გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა. ეს იყო თავდაცვის დეპარტამენტის პირველი აღიარება ხუთი დღის შემდეგ, რაც ოსტინი უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

რაიდერმა განაცხადა, რომ უცნობია, როდის გაწერენ ოსტინს საავადმყოფოდან, მაგრამ აღნიშნა, რომ პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და მოელის, რომ თავდაცვის მდივანი „თავისი მოვალეობების სრულფასოვან შესრულებას პარასკევს განაახლებს“.

პენტაგონის მიერ ოსტინის ჰოსპიტალიზაციის გაუმჟღავნებლობა აშშ-ის სხვა მაღალჩინოსნებისა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლების, მათ შორის პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდების ჩვეულებრივ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. პენტაგონის პრეს ასოციაციამ, რომელიც წარმოადგენს მედიის წევრებს, რომლებიც თავდაცვის დეპარტამენტს აშუქებენ, საპროტესტო წერილი გაუგზავნა რაიდერს და კრის მეიგერს, თავდაცვის მდივნის თანაშემწეს საზოგადოებრივ ურთიერთობებში.

70 წლის ოსტინმა 41 წელი გაატარა სამხედრო სამსახურში, 2016 წელს კი ოთხვარსკვლავიანი გენერლის სტატუსით გავიდა პენსიაზე.