მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

აშშ-ის ელჩი გაეროში ნიკი ჰეილი თანამდებობიდან მიდის

შეერთებული შტატების ელჩმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ნიკი ჰეილიმ გამოაცხადა, რომ პოსტიდან მიდის. დონალდ ტრამპმა, რომელიც ოვალურ ოფისში ჰეილის გვერდით გამოჩნდა, განაცხადა, რომ ელჩი ნიკი ჰეილი „ძალიან წარმატებული“ იყო და მან „დაუჯერებელი სამუშაო“ გასწია.

46 წლის სამხრეთ კაროლინას ყოფილმა გუბერნატორმა – ტრამპის კაბინეტში წარმოდგენილ ძალზე მცირერიცხოვან ქალთაგან, ერთ-ერთმა – რომელიც 2 წლის განმავლობაში მსახურობდა ელჩის პოსტზე, მისი წასვლის მიზეზი არ დაასახელა, მაგრამ უარყო სპეკულაციები, რომ იგი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

ტრამპმა განაცხადა, რომ ჰეილის შემცვლელს ორ-სამ კვირაში დაასახელებს.

პრეზიდენტმა თქვა, რომ იგი ელჩის პოსტზე მისი უშიშროების საბჭოს ყოფილი მრჩევლის მოადგილის, დინა პაუელის კანდიდატურას განიხილავს და დაამატა, რომ მისი ქალიშვილი ივანკა „დინამიტი იქნებოდა“, როგორც ელჩი, მაგრამ თუკი მასზე გააკეთებდა არჩევანს, მას ნეპოტიზმში დასდებდნენ ბრალს.

მოგვიანებით ივანკამ თავისი კანდიდატურა გამორიცხა.

guardian.ge