აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

აშშ და ჩინეთი დაძაბული ურთიერთობების სტაბილიზაციის პირობას დებენ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა თავიანთი დაძაბული ურთიერთობების სტაბილიზაციის პირობა დადეს მას შემდეგ, რაც პეკინში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩავიდა და უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა, ჯერ თავის კოლეგასთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, შემდეგ კი ქვეყნის ლიდერ სი ძინპინთან.

თითქმის ხუთი წლის განმავლობაში, ეს აშშ-ის მთავარი დიპლომატის პირველი ვიზიტია ჩინეთში. ენტონი ბლინკენს ჩინეთში სტუმრობა თებერვალში ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ვიზიტი მას შემდეგ გადაიდო, რაც შეერთებულმა შტატებმა თავის ტერიტორიაზე უზარმაზარი ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბუშტი ჩამოაგდო.

ბლინკენმა პეკინში ვიზიტი თავის ჩინელ კოლეგასთან, უანგ ისთან შეხვედრით დაიწყო და ორი ქვეყნის მთავარ დიპლომატებს შორის შეხვედრამ დაგეგმილზე ერთი საათით მეტხანს გასტანა.

სი ძინპინთან შეხვედრა კი, ბლინკენის ვიზიტის თავდაპირველ პროტოკოლში არ იყო გაწერილი და ამის თაობაზე შეხვედრის დაწყებამდე მხოლოდ ერთი საათით ადრე გამოცხადდა.

სი ძინპინმა თქვა, რომ მათ პროგრესს მიაღწიეს, ბლინკენმა კი აღნიშნა, რომ ორივე მხარემ შემდგომი მოლაპარაკებების მზაობა გამოხატა, თუმცა დაამატა, რომ ისევ რჩება განსხვავებული მიდგომები მთავარ საკითხებზე.

„ხაზი გავუსვი, რომ… უმაღლეს დონეზე მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება საუკეთესო გზაა პასუხისმგებლობით მოახერხო განსხვავებულობის მართვა და უზრუნველყო, რომ კონკურენცია კონფლიქტში არ გადავიდეს“, – უთხრა ბლინკენმა ჟურნალისტებს სი ძინპინთან 35-წუთიანი შეხვედრის შემდეგ. „მე იგივე მოვისმინე ჩემი ჩინელი კოლეგებისაგან. ჩვენ ორივე შევთანხმდით ურთიერთობის სტაბილიზაციის საჭიროებაზე“, – დასძინა ბლინკენმა და დაამატა, რომ არსებობს ბევრი საკითხი, რომელზეც მხარეებს შორის ღრმა და მწვავე უთანხმოებაა.

სი ძინპინმა მიანიშნა, რომ ურთიერთობები შესაძლოა პოზიტიური მიმართულებით წარიმართოს. „მხარეებმა ასევე მიაღწიეს პროგრესს და შეთანხმებას ზოგიერთ სპეციფიკურ საკითხზე. ეს ძალიან კარგია“, – განაცხადა სი ძინპინმა, როგორც ამას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება.

ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთერთობები მკვეთრად გაუარესდა ბოლო წლებში სავაჭრო კონფლიქტების, ადამიანის უფლებების, ტაივანთან დაკავშირებული თუ სხვა საკითხების გამო და ასეთ მდგომარეობაში, ძალიან მცირეა მოლოდინები იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის სადავო საკითხების მოგვარებისკენ რაიმე სერიოზული ნაბიჯები გადაიდგას.

ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რაც აშშ-ჩინეთის ურთიერთობაში დაძაბულობის შემქმნელია, ტაივანია, და მას პეკინსა და ვაშინგტონს შორის მდგომარეობის დაძაბვის მხრივ ყველაზე ცენტრალური ადგილი უკავია. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უანგ იმ თქვა, რომ ეს ის საკითხია, რომელზეც „კომპრომისისთვის სივრცე არ არსებობს“.

ჩინეთი თვითმმართველ ტაივანს სეპარატისტულ პროვინციად მიიჩნევს და სი ძინპინმა განაცხადა, რომ მას მისი მმართველობის პერიოდში ტაივანის პეკინის კონტროლის ქვეშ მოქცევა სურს, საჭიროების შემთხვევეაში ძალის გამოყენებითაც კი.

თუმცა, ტაივანი, საკუთარი კონსტიტუციითა და ლიდერებით, თავის თავს ჩინეთის კონტინენტური ნაწილიდან განსხვავებულად მიიჩნევს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა გასულ წელს განაცხადა, რომ აშშ დაიცავდა ტაივანს ჩინეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, რაც პეკინმა დაგმო.

მაგრამ ბლინკენმა ასევე ხაზი გაუსვა „ერთი ჩინეთის პოლიტიკისადმი“ შეერთებული შტატების ერთგულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ჩინეთის მთავრობა.

„პოლიტიკა არ შეცვლილა, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას“, – თქვა ბლინკენმა პეკინში ვიზიტისას.

მესამე ვადით მოსული სი ძინპინის გეგმები

ჩინეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად 69 წლის სი ძინპინი მესამე ვადით 2023 წლის მარტში აირჩია, რაც მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. მანამდე, გასული წლის ოქტომბერში, „კომუნისტურმა პარტიამ“ იგი ხელახლა, მესამედ, აირჩია თავის ლიდერად, ამჯერად კი, ეროვნულმა სახალხო კონგრესმა უკვე პრეზიდენტად და შეიარაღებული ძალების მეთაურად დაამტკიცა მესამე 5-წლიანი ვადით. იგი პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო და მას მხარი კონგრესის 3 000 წევრმა დაუჭირა.

სი ძინპინის პრეზიდენტად არჩევამდე რამდენიმე დღით ადრე, პეკინმა სამხედრო ხარჯების ზრდის შესახებ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ „შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გააძლიეროს სამხედრო წვრთნები და მზადყოფნა ყველა მიმართულებით“.

ჩინეთი წელს სამხედრო ხარჯებს 7%-ზე მეტით გაზრდის. პეკინის სამხედრო ბიუჯეტი – დაახლოებით 225 მილიარდი აშშ დოლარი – ჯერ კიდევ საგრძნობლად ჩამორჩება შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც 4-ჯერ მეტია, ვიდრე ჩინეთის სამხედრო ხარჯები. ვაშინგტონში, წუხილი იმის თაობაზე, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე პეკინმა ტაივანის სამხედრო გზით დაბრუნება მოინდომოს, უფრო მეტად მზარდია.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს გამაფრთხილებლად, რომ ჩინეთი უახლოეს წლებში შესაძლოა, ტაივანში შეიჭრას. ჩინეთმა გაზარდა ტაივანის გარშემო სამხედრო ძალის დემონსტრირება ჰაერსა და ზღვაში, ამავე დროს, ბალისტიკური რაკეტებიც გაუშვა.

აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დაავალა თავისი ქვეყნის არმიას, რომ „2027 წლისთვის მზად იყვნენ“ ტაივანში შესაჭრელად, თუმცა მას, უკრაინასთან ომში რუსეთის გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლოა ამჟამად ეჭვი ეპარებოდეს თავის შესაძლებლობებში, – განაცხადა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA)-ის დირექტორმა უილიამ ბერნსმა.

მან სატელევიზიო ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა „ძალიან სერიოზულად“ უნდა მიიღოს სი ძინპინის სურვილი, საბოლოოდ გააკონტროლოს ტაივანი, მაშინაც კი, თუ სამხედრო კონფლიქტი გარდაუვალი არ არის.

„ჩვენ ვიცით, როგორც საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ პრეზიდენტმა სიმ დაავალა ჩინეთის სამხედრო ხელმძღვანელობას, მზად იყვნენ 2027 წლისთვის ტაივანში შესაჭრელად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას გადაწყვეტილი აქვს შეჭრა 2027 ან ნებისმიერ სხვა წელს“, – განუცხადა ბერნსმა CBS-ს.

„ვფიქრობ, ჩვენი შეფასება სულ მცირე არის ის, რომ პრეზიდენტ სის და მის სამხედრო ხელმძღვანელობას ეჭვი აქვთ დღეს იმის თაობაზე, შეძლებენ თუ არა ისინი ამ შეჭრის დასრულებას“, – განაცხადა მან.

ტაივანის საკითხი

ტაივანი და ჩინეთი 1949 წელს სამოქალაქო ომის შემდეგ გაიყო, რომელიც „კომუნისტური პარტიის“ მატერიკზე კონტროლით დასრულდა. თვითმმართველი კუნძული მოქმედებს როგორც სუვერენული სახელმწიფო, მაგრამ არ არის აღიარებული გაეროს ან რომელიმე დიდი ქვეყნის მიერ. 1979 წელს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ოფიციალურად აღიარა პეკინის მთავრობა და გაწყვიტა ტაივანთან საერთაშორისო კავშირები. საპასუხოდ, კონგრესმა დაამტკიცა ტაივანთან ურთიერთობების კანონი, რომელიც ქმნის სტანდარტს გრძელვადიანი ურთიერთობებისთვის.

ჩინეთი თვითმმართველ ტაივანს განიხილავს, როგორც სეპარატისტულ, მისგან გამოყოფილ პროვინციას და მიიჩნევს, რომ ის საბოლოოდ პეკინის კონტროლს უნდა დაექვემდებაროს.

ტაივანს აშშ-ის ოფიციალური მხარდაჭერა აქვს, პეკინის მხრიდან ძალის მზარდი დემონსტრირების ფონზე, რომელიც კუნძულს თავისი ტერიტორიის ნაწილად აცხადებს. პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკული ძალები დაიცავენ ტაივანს, თუ ჩინეთი შეეცდება შეჭრას. თეთრი სახლი ამბობს, რომ აშშ-ის პოლიტიკა არ შეცვლილა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაშინგტონს სურს ტაივანის სტატუსის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა, თუმცა არაფერს აცხადებს იმის შესახებ, იქნება თუ არა აშშ-ის ძალები გაგზავნილი ჩინეთის თავდასხმის საპასუხოდ.

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ