საქართველო

„ანაკლია სითის“ და აბუ-დაბის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს (ADGM) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფი პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აბუ-დაბის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის, Abu Dhabi Global Market (ADGM)-სა და „ანაკლია სითის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერას დაესწრო.

მემორანდუმი მხარეებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

აბუ დაბის გლობალური ბაზარი (ADGM) არის სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ აბუ დაბიმ მოიზიდოს ფინანსური ინსტრუმენტები.

„ADGM-სთან დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა იმ გამოცდილების გაზიარების მიზნით, რომელიც ამ ზონაშია დაგროვილი. შეხვედრის შემდეგ გაფორმდა მემორანდუმი „ანაკლია სითისა“ და აღნიშნულ ფინანსურ ცენტრს შორის, რათა მომავალში ის გამოცდილება და ცოდნა, რაც ADGM-ს გააჩნია, „ანაკლია სითის“ გაუზიაროს“- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა და ADGM- ის ფინანსური მომსახურების მარეგულირებელ ორგანოს საერთაშორისო საქმეთა დირექტორმა ფილიპ რიჩარდმა. ხელმოწერას ასევე ესწრებოდა ADGM- ის თავჯდომარე აჰმედ ალ საიეგი.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.