საქართველო

ანაიდ აბგარიანი, რომელმაც დირექტორობის მსურველთა გამოცდაზე უმაღლესი – 71 ქულა მიიღო, ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის დირექტორად ერთხმად აირჩიეს

სამეურვეო საბჭომ ახალქალაქის №2 რუსულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ანაიდ აბგარიანი ერთხმად აირჩია. 18 ივნისს გამართულ არჩევნებში მას სამეურვეო საბჭოს 11-ივე წევრმა მისცა ხმა. იგი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ წარდგენილი დირექტორობის ერთადერთი კანდიდატი იყო და ასევე, ერთადერთია, ვინც მთელი საქართველოს მასშტაბით, ასეულობით არაქართულენოვანი საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორებიდან თუ დირექტორობის მსურველებიდან ტესტირებაში უმაღლესი ქულა – 71 მიიღო (მაქსიმალურ ქულად 80 იყო განსაზღვრული). 2020 წლის დეკემბრიდან დღემდე, იგი ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, დღეიდან კი დირექტორი გახდა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ანაიდ აბგარიან

როგორც „ბიზნესკონტინენტს“ ანაიდ აბგარიანმა ქართულ ენაზე განუცხადა, მან სამეურვეო საბჭოს სკოლის განვითარების გეგმა წარუდგინა და თავისი ხედვა გააცნო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნასა და სწავლების დონის უფრო მეტად ამაღლებას.

„სამეურვეო საბჭო 12 წევრისგან შედგებოდა, მაგრამ ერთ-ერთ მშობელს, რომლის შვილმა მე-12 კლასი წელს დაამთავრა, ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა. ჩვენ ამ მშობლის სამეურვეო საბჭო წევრის მოვალეობის შეწყვეტის ფორმა ოფიციალურად გავაგზავნეთ შესაბამის უწყებაში, დარჩა 11 წევრი და მათგან ყველამ მხარი დამიჭირა“, – უთხრა „ბიზნესკონტინენტს“ ანაიდ აბგარიანმა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ანაიდ აბგარიან მოსწავლეებთან

ახლად არჩეული დირექტორის თქმით, გამოცდაზე გასვლის მთავარი მოტივატორი მისთვის იყო ის, რომ დაემტკიცებინა როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სასკოლო საზოგადოებისთვის, რომ გამოწვევების გამკლავება შეუძლია და მზად არის სკოლის მომავალი განვითარებისთვის ახალი შემართებით, არჩეული დირექტორის რანგში იზრუნოს.

„ერთ-ერთი მთავარი მოტივაციის განმაპირობებელი, რომ მოვმზადებულიყავი და გავსულიყავი გამოცდაზე, იყო ის, რომ დამემტკიცებინა ჩემთვის და სასკოლო საზოგადოებისთვის, რომ შემეძლო სირთულეების გადალახვა და საგამოცდო მასალების მომზადებისთვის თავის გართმევა. მაქსიმალური 80-დან 71 ქულა ავიღე. 1 ქულა დამიმატეს, ავტორიზაციის შესახებ შეკითხვისთვის გაცემულ პასუხზე. ანუ, სწორად მქონდა პასუხი გაცემული და თავად ჰქონდათ შეცდომა დაშვებული. მარტო მე არა, კიდევ რამდენიმეს დაემატა ქულა. თუ სკოლას ავტორიზაცია მოპოვებული აქვს, 6 წელი რჩება ავტორიზებულად, 6 წლის შემდეგ კი ხელახლა უნდა გაიაროს ავტორიზაცია და იქ იყო მითითებული, რომ 9 წელი ითვლებოდა ასეთი სკოლა ავტორიზებულად და არა 6 წელი. საქმე იმაშია, რომ 2030 წლამდე გააგრძელეს საჯარო სკოლების ავტორიზაციის ვადა,  ცვლილებები შესული იყო, თუ არ ვცდები, თებერვალში და მე ასე ვიმსჯელე, რომ ეს ახალი ცვლილებაა და ვერ მოასწრებდნენ ინდექსირებაში ცვლილების შეტანას და აქედან გამომდინარე, პასუხად 6 წელი მივუთითე, მაგრამ პასუხში ეწერა, რომ შეცდომა მქონდა დაშვებული და სწორი პასუხი 9 წელი იყო, თუმცა შემდეგ თავად შეასწორეს და 9 წელი 6 წლით შეცვალეს, რის შედეგადაც 1 ქულა დამემატა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ანაიდ აბგარიან

„გამოცდაზე გასვლისას ჩემი მოტივაციის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა ისიც, რომ სკოლაში, სადაც ამდენი ხანია მასწავლებლად ვმუშაობ, შემდეგ დირექტორის მოადგილედ და დირექტორის მოვალეობის  შემსრულებლად, სადაც ამდენ ადამიანს წლების განმავლობაში დიდი ნდობა ჰქონდა ჩემთვის გამოცხადებული, ჯერ კიდევ ბევრი საკითხი იყო მოუგვარებლად დარჩენილი.

მინდოდა, რომ გამოცდის წარმატებით ჩაბარებით ისევ მქონოდა სკოლის განვითარებაზე ზრუნვის შესაძლებლობა, უკვე არჩეული დირექტორის რანგში. ასევე, სრულად მომცემოდა მოსწავლეების, მშობლების, პედაგოგების წინაშე აღებული ვალდებულებების განხორციელების საშუალება“, – განაცხადა ანაიდ აბგარიანმა.

მან თავის მიზნებზე საუბრისას აღნიშნა, რომ სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად აუცილებელია უსაფრთხო გარემოს შექმნა და მაქსიმალურად მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს ჩამოყალიბება.

„დიდი მიზნები მაქვს იმისათვის, რომ სკოლა გახდეს უფრო უსაფრთხო, ესთეტიკურად ლამაზი, ინფრასტრუქტურულად გაუმჯობესებული.

„ჩემთვის ასევე მთავარია, მოსწავლეების მიღწევები, რომ მოსწავლემ მიიღოს ნამდვილი განათლება, ცოდნა, რომ სკოლის დასრულების შემდეგ მან ადვილად ჩააბაროს უმაღლეს სასწავლებელში. უნდა ითქვას, რომ პანდემიის შემდეგ ცოტა დაიწია აკადემიური მოსწრების დონემ და არ არის იმ დონეზე როგორზეც უნდა იყოს, ამიტომ ბევრი შრომაა საჭირო იმისათვის, მოსწავლეებმა სათანადო სიმაღლეს მიაღწიონ, მით უფრო, მოგეხსენებათ, რომ 2 წლის შემდეგ საატესტაციო გამოცდები უნდა ჩატარდეს და აუცილებელია მეტი მუშაობა, რომ ყველამ მოსწავლემ შეძლოს ბარიერის გადალახვა“, – აღნიშნა ანაიდ აბგარიანმა.

მისი შეფასებით, თანამედროვე სკოლის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობაა.

„როდესაც სამეურვეო საბჭოს სკოლის განვითარების გეგმა წარვუდგინე, გავაცანი ხედვა თუ რა არის სკოლის მისია და ფილოსოფია, ღირებულებები. აუცილებლად უნდა მოხდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. საინტერესო დამთხვევაა, სწორედ გუშინ, განათლების სამინისტროსაგან 73 კომპიუტერი მივიღეთ, რაც დიდად წაგვადგება. გვინდა ლინგაფონის კაბინეტის გაკეთება. ჩვენი ყოფილი მოსწავლე გვყავს სპონსორი, საფრანგეთში მოღვაწეობს, ვართან ავაქიანი, პროფესიით ექიმია, მაგრამ სამშენებლო სფეროში მოღვაწეობს და უკვე წლებია, ყოველწლიურად გვეხმარება. ბოლო ზარისთვის საჩუქრად გვიგზავნის ხოლმე სამ კომპიუტერს, ორ ტელეფონს, რომ უფრო ამაღლდეს ბავშვების მოტივაცია. ყოველწლიურად რაღაცით გვეხმარება.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ანაიდ აბგარიან

„გასულ წელს, მისივე სახსრებით, გეოგრაფიის კაბინეტი გავხსენით, ძალიან აქტიური იყო სკოლა ამ მიმართულებით, პროექტების განხორციელებით,  წელს კი, ვართან ავაქიანმა ლინგაფონის კაბინეტის გახსნა შემოგვთავაზა და უნდა გავხსნათ ეს კაბინეტი იმისთვის, რომ მოსწავლეებს უფრო გავუადვილოთ ქართული ენისა და უცხო ენების შესწავლა“, – უთხრა „ბიზნესკონტინენტს“ ანაიდ აბგარიანმა.

მისი აზრით, სკოლაში უმნიშვნელოვანესია სპორტის გაკვეთილების სათანადო დონეზე ჩატარება, რადგან ეს სწავლის დონის ამაღლებაზე  პირდაპირპროპორციულად აისახება.

„ჩემთვის ასევე მთავარია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. უნდა ითქვას, რომ სპორტისა და ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები ისე არ ტარდება, როგორც საჭიროა. აუცილებელია ბავშვებს მეტი მოტივაცია შევუქმნათ. მათი ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია. როცა ფიზიკურად არ ვარჯიშობს მოსწავლე, ეს სასწავლო პროცესზეც ნეგატიურად მოქმედებს. ჩემთვის სპორტი ძალიან მნიშვნელოვანია. ახალქალაქიდან ბევრი კარგი სპორტსმენი გამოვიდა ასპარეზზე, როგორც ეროვნულ ისე ევროპულ და საერთაშორისო დონეზე და მათ არაერთ წარმატებას მიაღწიეს.  ყველაფერს, მოგეხსენებათ, საფუძველი სკოლის ასაკიდან ეყრება, ამიტომ სპორტის გაკვეთილებისთვის სათანადო ყურადღების მიქცევა უმნიშვნელოვანესია.

„ასევე, ჩემთვის მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ამაღლებს ბავშვების მოტივაციას. ჩემი აზრია, რომ სკოლა უნდა იყოს ერთგვარი სამკუთხედი – პედაგოგი, სკოლა და მშობელი.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ქ.ახალქალაქის №2 რუსული საჯარო სკოლის შესასვლელი

„ჩემთვის ასევე პრიორიტეტულია სკოლის უსაფრთხო გარემოს შექმნა. წელს მივაღწიეთ კამერების დაყენებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პატარა დარღვევები, რომელიც სკოლაში იყო, აღმოიფხვრა. მაგალითად გაკვეთილიდან რომ ბავშვი გადის და მისთვის თვალყურის მიდევნება ჭირდა, ასეთმა შემთხვევებმა უკვე იკლო, რადგან როცა მოზარდმა იცის, რომ მასზე ვიდეო კონტროლი ხორციელდება, იგი უფრო მეტად დისციპლინირებულია. თითქმის 800 მოსწავლე სწავლობს ჩვენს სკოლაში და უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით რაიმე სერიოზული დარღვევა არ ყოფილა“, – აღნიშნა ახალქალაქის №2 რუსულენოვანი საჯარო სკოლის ახლად არჩეულმა დირექტორმა.

მისი ინფორმაციით, წელს 30-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა სკოლა და 71 პირველკლასელი დარეგისტრირდა, შესაბამისად, 41 მოსწავლით მეტი ეყოლებათ ახალ სასწავლო წელს და სავარაუდოდ, 3-4 პარალელური კლასის ჩამოყალიბების საჭიროება იქნება.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის მე-12 კლასელები, რომლებმაც წელს სკოლა დაამთავრეს

„გასულ წელს სკოლის სახსრებით სამი საკლასო ოთახის კაპიტალური რემონტი გავაკეთეთ. მანამდე ამ სივრცეში სასწავლო პროცესის ჩატარება შეუძლებელი იყო, იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო შენობის ეს ნაწილი. რადგან სკოლაში ძალიან ბევრი ბავშვი ირიცხება, ჩვენთვის დამატებითი სივრცის ქონის საჭიროება იდგა და ამჯერად უკვე კაპიტალურად გარემონტებული 3 საკლასო ოთახის შემომატებით დიდი შეღავათი მოგვეცა. გუშინ სამინისტროსგან მივიღეთ თანხმობა კიდევ 2 საკლასო ოთახის გარემონტებაზე და სექტემბრისთვის დამატებით 2 ახალგარემონტებული საკლასო ოთახი გვექნება. იმით, რასაც ჩვენი სკოლის ბიუჯეტი, დანაზოგი გვაძლევს საშუალებას, ვცდილობთ, ყოველწლიურად რაღაც გავაკეთოთ. კიდევ არის სხვა რამეც მოსაწესრიგებელი, მაგალითად აივანი, მაგრამ ამისთვის ამჯერად თანხა არ გვყოფნის. თუმცა, ეტაპობრივად, ვეცდებით იმ დონემდე მივიყვანოთ სკოლა, რომ მზად ავიყოთ ავტორიზაციის გასავლელად“, – აღნიშნა ანაიდ აბგარიანმა.

სხვა სტატია: ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ანაიდ აბგარიან: ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ცხოვრებაში არის ჩემი მოსწავლეების, მშობლების, კოლეგების პატივისცემა და სიყვარული

ასევე იხილეთ სტატია: ახალქალაქის №2 საჯარო სკოლაში თემაზე – „კაცია ადამიანი?!“ შთამბეჭდავი წარმოდგენა – „XIX-XX საუკუნეების საქართველო“ – გაიმართა