საქართველო

ახალქალაქის №2 საჯარო სკოლაში თემაზე – „კაცია ადამიანი?!“ შთამბეჭდავი წარმოდგენა – „XIX-XX საუკუნეების საქართველო“ – გაიმართა

ახალქალაქის №2 საჯარო სკოლაში, რომელიც ქალაქში და მთელ მუნიციპალიტეტში ერთადერთი რუსულენოვანი და ამავე დროს ყველაზე მრავალრიცხოვანი საჯარო სკოლაა, 2023 წლის დეკემბერში თემაზე -„კაცია ადამიანი?!“ ძალზე საინტერესო და შთამბეჭდავი წარმოდგენა – „XIX-XX საუკუნეების საქართველო“  გაიმართა. აღნიშნული ღონისძიების ინიციატორი და ხორცშემსხმელი ამავე სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი, ქალბატონი შორენა თეთვაძე იყო.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი შორენა თეთვაძე ღონისძიებას ხსნის

როგორც მან მედია პლატფორმა „ბიზნესკონტინენტს“ განუცხადა, თემის ფარგლებში დაიგეგმა ღონისძიება – „XIX-XX საუკუნეების საქართველო“, რომლის მეშვეობითაც ნაჩვენები იქნა ევროპული გზა, საქართველოში მოღვაწე ცნობილი ადამიანები, შემოსული კულტურა, ემიგრაცია, არსებული პრობლემები და ეპოქისთვის მახასიათებელი სხვა ნიუანსები.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი შორენა თეთვაძე ღონისძიებას ხსნის

აღნიშნულ ღონისძიებას ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი ანაიდ აბგარიანი, ახალქალაქის მუნციპალიტეტის ხელმღვანელი პირები, საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი ნაირი ირიციანი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბატონი გაიოზ ლომსაძე, თავმჯდომარის მოადგილე ბატონი ედუარდ აღასარიანი, სკოლის პედაგოგები, მშობლები, ასევე მედია პლატფორმა „ბიზნესკონტინენტის“ წარმომადგენელი ესწრებოდა.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ანაიდ აბგარიანი
ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: (მარცხნიდან მეორე) ახალქალაქის მუნციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, (მარცხნიდან მესამე) თავმჯდომარის პირველი მოადგილე გაიოზ ლომსაძე, (მარცხნიდან მეოხე) თავმჯდომარის მოადგილე ედუარდ აღასარიანი

„ბიზნესკონტინენტმა“ ქართულის, როგორც მეორე ენის უფროს მასწავლებელს, ქალბატონ  შორენა თეთვაძეს რამდენიმე შეკითხვით მიმართა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს და ღონისძიების ამსახველ ფოტომასალას.

ბიზნესკონტინენტი: ვინ იყო აღნიშნული ღონისძიების ინიციატორი და როდის დაიგეგმა ის? თემა: „კაცია ადამიანი?!“

შორენა თეთვაძე: ღონისძიება დაიგეგმა კომპლესქური დავალების ფარგლებში. იდეა – დაამზადეთ საკუთარი სახლის მაკეტი და განასხვავეთ საქართველოს სხვა მხარეში არსებული სახლ-კარისაგან.  კომპლექსური დავალებას შევუცვალეთ ფორმა და თემად ავიღეთ „თათქარიძეობა გუშინ და დღეს“, რომელიც საკმაოდ ბევრ საკითხს მოიცავდა.

თემის ფარგლებში დაიგეგმა ღონისძიება – „XIX-XX საუკუნეების საქართველო“ – ევროპული გზა და საქართველოში მოღვაწე ცნობილი ადამიანები, შემოსული კულტურა, ემიგრაცია და  არსებული პრობლემები და ა.შ.

ბიზნესკონტინენტი: რამდენად ხართ კმაყოფილი 13 დეკემბერს გამართული ღონისძიებით?

შორენა თეთვაძე: ხშირად მიწევს  საერთაშორისო   თუ ადგილობრივი მნიშვნელობის თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების  ორგანიზება, პროექტ-გაკვეთილების დაგეგმვა,  რისთვისაც აქტიურად ვიყენებ სასკოლო საზოგადოებას, მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერი ღონისძიება მოითხოვს კარგ დაგეგმვას,  მომზადებასა და ჩატარებას. მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, საჭიროა საორგანიზაციო   გუნდის ჩამოყალიბება, რადგან მხოლოდ ერთი  ან ორი პედაგოგი არ  გვევლინება საორგანიზაციო სამუშაოების შემსრულებლად ან ინიციატორად.  აქედან   გამომდინარე, ეს მიდგომა ზრდის  მოსწავლეთა ჩართულობას. უვითარდებათ მნიშვნელოვანი უნარები, ეჩვევიან პასუხისმგებლობის გაზიარებას.

ბიზნესკონტინენტი: თავად თქვენთვის, ყველაზე მეტად საინტერესო ნაწილი რომელი იყო აღნიშნულ ღონისძიებაში?

შორენა თეთვაძე: საინტერესო და შინაარსით დატვირტული იყო მთელი პროგრამა, ასე ცალკე ვერ გამოვარჩევ ვერცერთს. ღონისძიება თითოეულ მოსწავლეს დაეხმარა  თვითრეალიზებაში, საკუთარი ინდივიდუალურობის გამოვლენაში, დამოუკიდებლად მოქმედების უნარის განვითარებასა და სოციალიზაციაში;

ბიზნესკონტინენტი: რა დადებითი მხარე აქვს მსგავს ღონისძიებებს სკოლის მოსწავლეებისთვის?

შორენა თეთვაძე: ვფიქრობ, ადამიანები, რომლებსაც   პირდაპირი   ან არაპირდაპირი შეხება აქვს  სკოლასთან და ბავშვებთან, დამეთანხმებიან, რომ მოსწავლეთა უმრავლესობისთვის სკოლაში ყოფნის პერიოდში კლასგარეშე   ღონისძიებებში მონაწილეობა  ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა. მაშინაც კი, თუ ზოგიერთი  მათგანი ყველანაირი ხერხით   ცდილობს საგაკვეთილო პროცესიდან „თავის დაღწევას“,  კლასგარეშე ღონისძიებებში დიდი გატაცებით   და ინტერესით ერთვება. შემთხვევითი არ არის, რომ  სკოლის დამთავრების შემდეგ ბევრი ადამიანი სიყვარულით იხსენებს იმ კლასგარეშე ღონისძიებებს, რომლებშიც იღებდა მონაწილეობას მოსწავლეობის პერიოდში.

უნდა ითქვას, რომ კლასგარეშე  ღონისძიებები საგანმანათლებლო პროცესის ნაწილი   და პედაგოგიური საქმიანობის მნიშვნელოვანი  ელემენტია. საგაკვეთილო პროცესი, როგორც წესი, დროში შეზღუდულია, რაც ხშირად  პედაგოგს საკითხის მრავალმხრივი და მრავალფეროვანი განხილვის საშუალებას არ  აძლევს.  კლასგარეშე აქტივობები ერთგვარად აგრძელებს  და აღრმავებს პროცესს, რომელიც   საგაკვეთილო მეცადინეობის დროს იწყება, ასევე უზრუნველყოფს საინტერესო და  შემეცნებით დასვენებას;

გასათვალისწინებელია,   რომ ყველა ბავშვს არ   შეუძლია სრულად გამოავლინოს საკუთარი შემოქმედებითი  და ინტელექტუალური პოტენციალი საგაკვეთილო  პროცესში. კლასგარეშე ღონისძიება შეიძლება სერიოზული   დამხმარე საშუალება აღმოჩნდეს ასეთ  დროს პედაგოგისთვის;

ძალიან ხშირად ინტერესი და მოტივაცია რომელიმე სასწავლო საგნის  მიმართ შეიძლება გაძლიერდეს სწორედ კლასგარეშე  ღონისძიების ჩატარებისას, ან რაიმე  ფორმით განხორციელებულმა აქტივობებმა  გავლენა მოახდინოს მომავალი პროფესიის  არჩევაზე;

კლასგარეშე ღონისძიება, როგორც წესი, ბავშვის შემოქმედებითი უნარების განვითარებისა და მისი პიროვნული  ზრდის ხელშემწყობი ხდება;

კლასგარეშე ღონისძიებებში   მონაწილეობა აფართოებს მოსწავლის თვალსაწიერს, შესაძლებლობას აძლევს მას  ჩაუღრმავდეს საკუთარ გატაცებას და ისწავლოს რაღაც მნიშვნელოვანი მშვიდ, არაიძულებით  გარემოში;

სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტული  ამოცანა სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაა. კლასგარეშე  ღონისძიება ხშირად საუკეთესო  საშუალებას წარმოადგენს აღნიშნული ამოცანის განსახორციელებლად,  რადგან ასეთი ღონისძიებების მომზადებისა და ჩატარების  პროცესში ბავშვები სწავლობენ მოსმენასა და განსხვავებული შეხედულებების  პატივისცემას, რაც მათ მომავალში  სხვა  ადამიანებთან ეფექტიან ურთიერთობასა და ჯგუფში  ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემოს ჩამოყალიბებაში  დაეხმარება;

კლასგარეშე ღონისძიებები მოსწავლის სასკოლო  ცხოვრების გამრავალფეროვნების საშუალებას იძლევა.   გაკვეთილების პარალელურად კონკურსების, კონფერენციების, კონცერტების, სპორტული, ასევე გონებამახვილთა და საზრიანთა შეჯიბრებების, ვიქტორინების ჩატარება, გამოფენების, თეატრალური   წარმოდგენების, ექსკურსიების მოწყობა მრავალფეროვანს,  საინტერესოს და მიმზიდველს ხდის  ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებას;

ბიზნესკონტინენტი: მანამდე რა მსგავსი აქტივობები გაქვთ განხორციელებული?

შორენა თეთვაძე: ეს არ არის პირველი ღონიძიება, რომელიც ჩვენს სკოლაში დაიგეგმა და განხორციელდა. ჩვენი სკოლის მასწავლებლები სისტემატურად   აწყობენ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს,  როგორც შემეცნებითს, ისე გასართობს. ტრადიციულ ღონისძიებებთან ერთად სკოლაში იმართება კვირეულები,   სპორტული და შემეცნებითი პროექტები,   შეჯიბრებები.  ჩვენი მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ,  როგორც შიდასასკოლო, ისე ეროვნულ  და სხვადასხვა ოლიმპიადებში. მგავს აქტივობებს  მასწავლებლები  აქტიურად გეგმავენ და მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით ერთვებიან.

ბიზნესკონტინენტი: რამდენი წელია რაც ახალქალაქის №2 საჯარო სკოლაში ასწავლით ქართულ ენას? მანამდე სად მოღვაწეობდით? (თქვენი სტატუსი – უფროსი/წამყვანი/მენტორი?)

შორენა თეთვაძე: 1993 წლიდან დღემდე ვმუშაობ ამ სკოლაში. ვარ უფროსი მასწავლებელი. შარშან ჩავაბარე წამყვანის გამოცდა, ვემზადები სტატუსის მოსაპოვებლად.

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: ახალქალაქის №2 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი შორენა თეთვაძე

ბიზნესკონტინენტი: როგორ შეაფასებდით ქართული ენის ცოდნის დონეს თქვენს მოსწავლეებში?როგორი იყო სურათი ამ მხრივ, როდესაც ამ სკოლაში მასწავლებლად დაიწყეთ მუშაობა და არის თუ არა გაზრდილი მოტივაცია მოსწავლეებში სახელმწიფო ენის შესწავლის თვალსაზრისით? თუ გაზრდილია, რამ განაპირობა ეს?

შორენა თეთვაძე: კარგად მახსოვს სიტუაცია ახალქალაქში, როცა   პირველად შემოვედი სკოლაში.  არანაირი მოტივაცია,  გაუცხოება და რაღაცის შიში. ასეთი სურათი იყო ყველგან. საჭირო იყო ნდობის, პატივისცემისა და სიყვარულის მოპოვება. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა და ჩვენ ეს შევძელით, რიგი პრობლემების მიუხედავად. ვაჩვენეთ ჩვენს მეგობრებს, რომ ჩვენი მიზანი მხოლოდ მათივე კეთილდღეობა და მათზე ზრუნვა იყო. სწორად განვსაზღვრეთ პრიორიტეტები და წინ წამოვწიეთ სახელმწიფო ენის ცოდნის პერსპექტივები. ინტეგრაცია – ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი და თვითრეალიზება სახელმწიფოში – შედეგი.  30 წელია ვასწავლი ამ სკოლაში, ბევრი გამოწვევის წინაშე ვიდექით, ბევრი სირთულე და პრობლემებიც გადავლახეთ. რადიკალური  ცვლილება მოხდა მათ ცნობიერებაში. ახლა, არა ვალდებულება, არამედ   საკუთარი სურვილი ამოძრავებთ სწავლებისას, რაც აორმაგებს ჩვენს  შედეგებს. როცა გულით გინდა, მაშინ აუცილებლად ყველაფერი გამოგივა.   ეს ჩემმა  მოსწავლეებმა კარგად იციან.

ისინი ჩვენ უკან  ხედავენ მთელ საქართველოს.  ჩვენ მიგვაქვს მათთან ის სახელმწიფოებრივი ინტერესები და მიზნები, რომლებსაც ამ ხალხზე ამყარებს ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, სასწავლო პროცესი უნდა იყოს მოტივირებული სითბოთი და გულწრფელი დამოკიდებულებით. პრობლემის დანახვა სხვადასხვა კუთხიდან თავად ქმნის  რეალურ  სურათს. ჩვენ ეს სურათი დავანახვეთ  და მათ გააკეთეს არჩევანი.

უნდობლობა, მიუღებლობა, გაუცხოება, შიში, სტრესი,   დაძაბულობა, – ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რასაც ჩვენ შევხვდით და დავძლიეთ.

ბიზნესკონტინენტი: სკოლის დამთავრების შემდეგ სად განაგრძობენ სწავლას თქვენი სკოლის კურსდამთავრებულები და რამდენად წარმატებული არიან ისინი?

შორენა თეთვაძე: 2010  წლიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს   აქვთ საშუალება უმაღლესი განათლება მიიღონ საქართველოში გამარტივებული წესით. გამარტივებული  სისტემა, ე.წ. 1+4 პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ, აზერბაიჯანულ,  აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების  შემთხვევაში უმაღლესი განათლების მიღების  შესაძლებლობას. ახალგაზრდები 1 წლის განმავლობაში გადიან ქართულ  ენაში მომზადების კურსს და  შემდგომ 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში აგრძელებენ სწავლას  მათთვის სასურველ ფაკულტეტზე.

2010   წლიდან საგრძნობლად გაიზარდა ეთნიკურ  უმცირესობათა სტუდენტების რაოდენობა საქართველოს  უმაღლეს სასწავლებლებში, რაც ცალსახად ამ პროგრამის დამსახურებაა.

ამ პროგრამით ჩვენი მოსწავლეებიც სარგებლობენ და საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ირიცხებიან.  ეს მათთვის დასაქმების და ზოგადად სრულფასოვანი ინტეგრაციის კარგი შესაძლებლობაა.

მოსწავლეთა ნაწილი სომხეთსა და რუსეთში მიდის სასწავლებლად.

ბიზნესკონტინენტი: სკოლის დირექციის, უშუალოდ დირექტორის, ქალბატონ ანაიდ აბგარიანის მხრიდან, რამდენად გაქვთ ხელშეწყობა თქვენი დაგეგმილი აქტივობების განხორციელების მხრივ?

შორენა თეთვაძე: სრული ხელშეწყობა გვაქვს სკოლის დირექციისგან. ქალბატონ ანაიდ აბგარიანი აქტიურად ერთვება როგორც დაგეგმვის, ასევე განხორციელების პროცესში.

ბიზნესკონტინენტი გთავაზობთ ახალქალაქის №2 საჯარო სკოლაში 2023 წლის 13 დეკემბერს გამართულ ღონისძიებამდე ამსახველ ფოტომასალას.

ბიზნესკონტინენტი გთავაზობთ ახალქალაქის №2 საჯარო სკოლაში 2023 წლის 13 დეკემბერს გამართული ღონისძიების ამსახველ ფოტომასალას.