საქართველო

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში იკლებს ახალი შემთხვევების, სიკვდილიანობის, დადებითობის და ჰოსპიტალების დატვირთვის მაჩვენებელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში იკლებს 100 000 მოსახლეზე ახალი შემთხვევების, სიკვდილიანობის, დადებითობის და ჰოსპიტალების დატვირთვის მაჩვენებელი, მაგრამ ამავე დროს, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ვირუსი არსად გამქრალა.

მისი თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 72-დან 62 პროცენტზე ჩამოგვივარდა, რაც ცუდია, პირიქით, უნდა ავწიოთ 95-ზე და თუ ავწიეთ, არ იქნება საშიშროება, მიუხედავად ახალი შტამების ცირკულაციისა და გარკვეული შემსუბუქებისა. გამყრელიძეს განცხადებით, იმისათვის, რომ 2021 წლის ბოლოსთვის საქართველოში ეპიდემიას წერტილი დავუსვათ, საჭიროა პირბადის გამოყენება, დისტანცია, ხელების დაბანა და ვაქცინაცია.

„ბოლო ორი თვის განმავლობაში ეპიდსიტუაცია სტაბილურდება. ქვეყანაში ყოველდღიურად იკლებს 100 000 მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის, ჰოსპიტალების დატვირთვის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ანუ ეპიდსიტუაცია გაცილებით გაუმჯობესებულია, თუ მას შეადარებთ დეკემბერს, ნოემბერს, ოქტომბერს, მაგრამ ამავე დროს, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ვირუსი არსად გამქრალა. ისევ შეინიშნება მოდუნების ნიშნები, პირბადის ტარების მაჩვენებელი 72-დან 62 პროცენტზე ჩამოგვივარდა, რაც ცუდია. პირიქით, უნდა ავწიოთ 95-ზე. მარტო პირბადის ტარების მაჩვენებელი თუ ავწიეთ, არ იქნება საშიშროება, მიუხედავად ამ ახალი შტამების ცირკულაციისა და გარკვეული შემსუბუქებისა. ყველა წესს თუ დავიცავთ, ეპიდსიტუაციას არ გავაუარესებთ“, განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებასთან ერთად, ვაქცინაციის პროცესი ქვეყანას საშუალებას მისცემს, ეპიდემიას წლის ბოლოსთვის წერტილი დაუსვას.

„პირბადე, დისტანცია, ხელების დაბანა და იმედი მაქვს, რომ მალე ვაქცინაციას დაიწყებს ქვეყანა – ყველაფერი ეს ერთობლიობაში მოგვცემს საშუალებას, რომ მოვერიოთ ამ გამოწვევას, ანუ წლის ბოლოსთვის საქართველოში ეპიდემიას წერტილი დავუსვათ. ამ შეზღუდვებმა ეკონომიკას ძლიერი დარტყმა მიაყენა. საჭიროა, ეკონომიკას ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს, მეორე მხრივ, სასწორის პინაზე დევს ადამიანების ჯანმრთელობა. დანის პირზე უნდა ვიაროთ და უნდა დავაკვირდეთ, ერთი კვირის თავზე როგორი გვექნება ეპიდსიტუაცია და ამის შემდეგ გადაიდგას მეორე ნაბიჯი. ანუ ყველაფერი უნდა მოხდეს ეპიდსიტუაციის მკაცრი მონიტორინგის და რეგულაციების მკაცრი აღსრულების ფონზე“, განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძეს ინფორმაციით, საქართველოში ახალი შტამი, ე.წ. ბრიტანული შტამი სამ ადამიანს დაუდასტურდა, მათთან კონტაქტი კი 31 პირს ჰქონდა.

„დიახ, იქნება ბრიტანული ან სხვა შტამები, მაგრამ ყველა რეკომენდაციას თუ დავიცავთ, ბრიტანული შტამით ეპიდემია არ გვექნება“, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.