საქართველო

ამირან გამყრელიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. მან ვაქცინა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა.

აცრებისა და იმუნიზაციის გარეშე პანდემია არ დამთავრდება, – უთხრა გამყრელიძემ ჟურნალისტებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ.

„მთავარი გზა პანდემიის დასრულებისა გადის ჩვენს ქცევებზე. დღეს ყველას გვიკეთია პირბადე, ამას უკვე მივეჩვიეთ. პირბადე აუცილებელია და კიდევ დაგვჭირდება გარკვეული პერიოდი. თუ ჩვენი მოსახლეობის 60% ორჯერ აიცრება, მაშინ გარე სივრცეში პირბადეს მოვიხსნით“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, „სინოფარმის“ ვაქცინა ტრადიციული ტექნოლოგიით არის დამზადებული და ბევრს ამ ტექნოლოგიით ბავშვობის პერიოდში გაკეთებული აქვს აცრები.

„მოგეხსენებათ, 15 მარტს დაიწყო ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში, დავიწყეთ „ასტრაზენეკათი“, შემდეგ განვითარდა „ფაიზერით“. ასევე დღეიდან დაიწყო აცრა ჩინური წარმოების ვაქცინით, „სინოფარმით“, რომელიც საკმაოდ აპრობირებული ვაქცინაა. ამ ვაქცინით აცრები 45 ქვეყანაში მიმდინარეობს. ის ეგრეთ წოდებული, ტრადიციული ტექნოლოგიით არის დამზადებული, რასაც თქვენ, ყველანი მიჩვეული ხართ. ბევრს ამ ტექნოლოგიით გაკეთებული გაქვთ ბავშვობის პერიოდში აცრები. ეს არის ეგრეთ წოდებულ ინაქტირებულ ვირუსზე დამყარებული ვაქცინა, რომლის 200 მილიონი დოზა უკვე არის ადმინისტრირებული ჩინეთსა და მთელს მსოფლიოში. მოგეხსენებათ. ჩვენთან აპრილში შემოვიდა 100 ათასი დოზა და დღეიდან იწყება აცრები.

სიმბოლურია, რომ აცრა ჩავიტარე ჩემს „ალმამატერში“, ამ საავადმყოფოში. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ექიმს, რომელიც აქ მუშაობს, მათთან ერთად გავიზარდე, ჩამოვყალიბდი ექიმად, მეცნიერად, ეს სივრცე ჩემთვის მნიშვნელოვანია, აქ გავატარე 25 წელი, ჩემი ექიმობის ყველაზე კარგი პერიოდი და მიხარია, რომ დღეს სწორედ პირველი აცრა აქ გავიკეთე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„სინოფარმით“ ვაქცინაცია საქართველოში 18 წელს ზემოთ მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში უკვე აცრილია 45 000 მოქალაქეზე მეტი.

27 აპრილიდან დღემდე „სინოფარმით“ აცრის სურვილი 15 ათასამდე მოქალაქემ გამოთქვა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ამ ეტაპზე “სინოფარმის” 100 000 დოზაა შემოტანილი.