საქართველო

ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოდან წიგნები გაიგზავნება

ავღანეთში „წიგნის კუთხის“ შესავსებად სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკისგან წიგნები გადაეცათ.

ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოყოფილი მხატვრული, ისტორიულ-დოკუმენტური და სამეცნიერო ლიტერატურის გადაცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. ავღანეთში მყოფი სამხედროებისთვის წიგნებს პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი ჩაიტანს, რომელიც როტაციით საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება. 

თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წელს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, ბიბლიოთეკამ თავდაცვის ძალების რამდენიმე სამხედრო ბაზას წიგნები საჩუქრად უკვე გადასცა. წიგნის კუთხე მოეწყო ავღანეთშიც. მემორანდუმის მიზანი სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობაა.