ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

შოიგუ დაიმუქრა, რომ იარაღით და საბრძოლო მასალებით დატვირთული NATO-ს ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უკრაინაში შევა, განადგურდება

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ნატოს მოკავშირეები განაგრძობენ უკრაინის იარაღით მომარაგებას და დაიმუქრა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი შეიარაღებით და საბრძოლო მასალებით დატვირთული NATO-ს ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უკრაინაში შევა, განადგურდება.

შოიგუს თქმით, სპეცოპერაციის ფარგლებში, რუსეთის სამხედრო ძალები დონბასის მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ავლენენ სიმამაცეს და პატიოსნად ასრულებენ თავიანთ სამხედრო ვალდებულებას. „რუსული შეიარაღებული ძალები განაგრძობენ ყველა ამოცანის შესრულებას, რომელიც უმაღლესი მთავარსარდლის მიერ არის დასახული“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ და დაამატა:

„ნაციონალისტებისგან გათავისუფლებულ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და უკრაინის ტერიტორიებზე მშვიდი ცხოვრება მყარდება, მათ შორის მარიუპოლში – ყველაზე დიდ სამრეწველო და სატრანსპორტო კერაში აზოვის ზღვაზე. ის რუსული არმიის კონტროლის ქვეშაა. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ სპეცოპერაციას. ამჟამად, რუსეთის არმიის ქვედანაყოფები, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციასთან ერთად, აფართოებენ კონტროლს“.

guardian.ge