უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნებისმიერი კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებთან იქნება დაკავშირებული, უნდა გადაწყდეს რეფერენდუმის გზით და არა მხოლოდ მის მიერ. აღნიშნული განცხადება მან უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში გააკეთა. „ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც გადაწყდება პარლამენტის და უკრაინელი ხალხის მიერ“, – თქვა მან.
უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლებმა დღემდე არაერთი სამშვიდობო მოლაპარაკება გამართეს, მათ შორის ქალაქ ანტალიაში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს შუამავლობით ერთმანეთს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დმიტრო კულებაც შეხვდნენ, თუმცა მოლაპარაკებებს დღემდე შედეგი არ მოუტანია. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის არ შეხვედრია რუს მომლაპარაკებლებს, მაგრამ თავისი დელეგაციის წევრებს უთხრა, რომ ნებისმიერ მნიშვნელოვან კომპრომისს რეფერენდუმი დასჭირდება.
„მე ავუხსენი ჩვენს მომლაპარაკებლებს საუბრებისას, რომ როდესაც მხარე იღებს ცვლილებებს – და ეს ცვლილებები შესაძლოა ისტორიული მნიშვნელობის იყოს – არ არსებობს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა ჩავატაროთ რეფერენდუმი. ხალხს მოუწევს ისაუბროს და უპასუხოს კომპრომისის ამა თუ იმ ფორმას, რომელიც თქვენ ახსენეთ. და რა იქნება ის (კომპრომისები) არის ჩვენი მოლაპარაკებისა და ურთიერთგაგების საგანი უკრაინასა და რუსეთს შორის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როდესაც Suspilne-ის ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა კომპრომისის ლიმიტზე, რომელზეც უკრაინა შეიძლება წავიდეს, ზელენსკიმ თქვა: „ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრის გარეშე თქვენ რეალურად ვერ გაიგებთ რის გასაკეთებლად არიან მზად იმისათვის, რომ ომი შეწყდეს და რისთვის არიან მზად, თუ ჩვენ მზად არ ვართ ამა თუ იმ კომპრომისისთვის“.
უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მზადყოფნა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრაზე გამოსავალი არ იქნება“, – განაცხადა მან.
guardian.ge