ჩვენს სკოლაში ბოლო წლების განმავლობაში მოსწავლეთა რაოდენობის მხრივ საგრძნობი მატებაა, რაც გამოწვეულია იმით, რომ 2022-2023, ასევე 2023-2024, და 2024-2025 სასწავლო წლებში გაზრდილია პირველკლასელების მომართვიანობა და პირველადი ინფორმაციით, 2025-2026 სასწავლო წელსაც მინიმუმ 16 ბავშვს ველოდებით, 6 ბავშვით მეტს, ვიდრე მე-12 კლასელები გვყავს და ვფიქრობ, 157 მოსწავლე მაინც გვეყოლება, – ამის შესახებ „ბიზნესკონტინენტს“ სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორმა ზოია ნაზარიანმა განუცხადა.
სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წელს ხანდოს საჯარო სკოლაში 151 ბავშვი ირიცხება, მაშინ როცა ორი წლის წინ 121 მოსწავლე იყო.
„ჩვენი მუნიციპალიტეტის არაერთი სოფლის სკოლაში ბოლო წლებში მოსწავლეთა რაოდენობა მცირდება, თუმცა ამ მხრივ ჩვენთან მდგომარეობა პირიქითაა. როცა მე დავამთვარე სკოლა 1000-ზე მეტი ბავშვიც კი სწავლობდა ამ სკოლაში, სამი პარალელური კლასი იყო, დაწყებითი კლასები სხვა შენობაში სწავლობდნენ, რომელიც ახლა მწყობრიდანაა გამოსული და მისი გამოყენების საჭიროება დღეს არ არსებობს. ჩვენი სკოლა სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მთავარია შევძლოთ სკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია“, – უთხრა „ბიზნესკონტინენტს“ ზოია ნაზარიანმა.

დირექტორის თქმით, მისი მთავარი მიზანია სკოლაში კაპიტალური რემონტი ჩატარდეს და ბავშვებმა თანამედროვე გარემოში ისწავლონ.
„ძალიან კარგი და ნიჭიერი ბავშვები გვყავს, მთელი გული მაქვს მათდამი მიძღვნილი და ჩემი უმთავრესი მიზანია სკოლა უფრო თანამედროვე გავხადოთ. პირველ რიგში, საჭიროა სკოლის კაპიტალური აღდგენა, ყველაფრის ახლიდან გაკეთება, მართალია, ჩვენი სახსრებით, რაც შეგვეძლო ბოლო წლების განმავლობაში გავარემონტეთ საკლასო ოთახები, გავაკეთეთ სამედიცინო ოთახი, მაგრამ უფრო მეტია საჭიროა, უნდა დამონტაჟდეს ცენტრალური გათბობა, ამავე დროს, აუცილებელია სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია. იმედს ვიტოვებ, რომ მომავლ 5 წელიწადში სახელმწიფოს მხარდაჭერით შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას“, – აღნიშნა ზოია ნაზარიანმა.

დირექტორის ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ხანდოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულების აბსოლუტური უმრავლესობა თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში მიდის სწავლის გასაგრძელებლად.
„ჩვენს ბავშვობაში ძალიან განსხვავებული სურათი იყო. სკოლაში ქართულის მასწავლებელი პერიოდულად გვყავდა და დიდი მიღწევა იყო, თუკი წერა-კითხვას ისწავლიდი, აქედან გამომდინარე ჩემი თაობის დიდმა ნაწილმა არ იცის სახელმწიფო ენა, მეც გვიან ვისწავლე ქართული, განსაკუთრებით დირექტორად დანიშვნის შემდეგ მომიწია ინტენსიური სწავლა, რადგან წარმოუდგენელია ამ თანამდებობაზე მუშაობა სახელმწიფო ენის ცოდნის გარეშე, თუმცა ვიცი, რომ ეს საკმარისი არ არის, განსაკუთრებით საუბრის მხრივ, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ გარშემო სულ ეთნიკური სომხებით დასახლებული სოფლებია, უმეტესწილად სომხურ ენაზე გვიწევს საუბარი. სომხური ჩემი მშობლიური ენაა და რა თქმა უნდა მიყვარს ის, მაგრამ დამერწმუნეთ, მთელი გულით მიყვარს ქართული ენაც და საქართველო, ქართველები, რომლებიც ძალიან თბილი ხალხია. ეს ხომ ჩვენი ქვეყანაცაა. ადრე, თუკი აქაურები სომხეთში დადიოდნენ ექიმთან თუ სხვა საჭიროებებისთვის, ახლა უკვე თბილისში მიდიან. იქ ჩვენ ყველა კარგად გვექცევა. როგორც გითხარით, ახალგაზრდობამ უკვე გეზი თბილისისკენ აიღო, იქ აბარებენ უნივერსიტეტში და წარმატებულები არიან“, – განაცხადა ზოია ნაზარიანმა.

მისივე თქმით, სკოლიდან ბავშვები ექსკურსიებზე სისტემატურად დაჰყავთ, რაც კიდევ უფრო მეტად აყვარებს მათ საქართველოს.
„ბოლო წლებია, მე-11, მე-12 კლასელები ინტენსიურად დაგვყავს ექსკურსიებზე. ვიყავით ქუთაისში, მოწამეთაში, სათაფლიაზე, გელათში, ბორჯომში, ასპინძაში, შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, სხვა ადგილებში. ბავშვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ექსკურსიებმა. მე თავად გეოგრაფიას ვასწავლი, 10 კრედიტზე მაქვს ჩაბარებული უფროსი მასწავლებლის საგნის გამოცდა და ჩემმა მოსწავლეებმა კარგად იციან საქართველოს გეოგრაფია, მისი კუთხეები, ასევე ისტორია, თუმცა ერთია როდესაც ამ ყველაფერს წიგნებით ეცნობი, მაგრამ სხვაა, როცა ამ ისტორიულ ადგილებს მოინახულებ. ექსკურსიების დროს ბავშვები მთელი გულით შეიგრძნობენ იმ განუმეორებელ სილამაზეს, ბუნების იმ უნიკალურობას, რომლითაც გამორჩეულია ჩვენი საქართველო და მეც ბედნიერი ვარ მათთან ერთად“, – აღნიშნა ზოია ნაზარიანმა.

მისი შფასებით, დღეს ბავშვებს ყველანაირი პირობა აქვთ განვითარებისა და წარმატების მიღწევისთვის, რასაც მისი და წინა თაობა მოკლებული იყო.
„ჩვენი სოფელი, ხანდო, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სიდიდით მეორეა. აქ ძალიან მშრომელი და კეთილი ხალხი ცხოვრობს, მოსახლეობას ძირითადად კარტოფილი, ქერი და ხორბალი მოჰყავს, ასევე ეწევიან მესაქონლეობას და შემიძლია ვთქვა, რომ მშრომელ ადამიანს ნაკლებად უჭირს. წელს კარტოფილის ფასმა მოიმატა, რადგან მასზე მოთხოვნა გაიზარდა, ბოლო თვეებია ტრაილერებით მასობრივად გააქვთ საზღვარგარეთ ჩვენი კარტოფილი და მისმა ჩაბარების ფასმა, ამ პერიოდში, 1 ლარს გადააჭარბა“, – უთხრა „ბიზნესკონტინენტს“ ზოია ნაზარიანმა.

დაბლა იხილეთ „ბიზნესკონტინენტის“ ფოტომასალა, რომელიც გადაღებულია 2025 წლის 21 მარტს